„რატომ კითხულობენ ქართველი ინტელექტუალები პაპსა ბესტსელერებს“

ჟურნალი „რეიტინგი“ № 10 
10–16 მარტი, 2008
რუბრიკა „წიგნის მოყვარულთა კლუბი“



სატელევიზიო თამაშის „რა? სად? როდის?“ წამყვანი გიორგი მოსიძე ის იშვიათი რესპონდენტია, რომელიც გულწრფელად ასახელებს საყვარელ ავტორებს და არა ზრდილობის ან მოდის გამო. კრიტიკული გიორგი მოსიძისგან ნურც ის გაგიკვირდებათ, რომ მისთვის ძვირფას ავტორთა სიაში ქართველები არ ჭარბობენ. გიორგიმ წიგნთან დაკავშირებით ბევრი საინტერესო ამბავიც გაიხსენა.


– გიორგი, თუ შეგიძლია გვითხრა, ძირითადად რა წიგნებით ინტერესდებიან ქართველი მოაზროვნეები?
– მოაზროვნეებში ძალიან პოპულარულია ფენტეზის ჟანრი, მაგალითად ჯონ რონალ რუელ ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებელი“, „ხობიტი“, „სილმარილიონი“ და ა.შ. ასევე ამ ნაწარმოებთა სხვადასხვა გაგრძელებები. ნიკ პერუმოვი წერს, მაგალითად, ტოლკინის ნაწარმოებთა გაგრძელებებს. ასევე პოპულარულია კლაივ სტეპლზ ლუისის „ნარნიის ქრონიკები“ და ა.შ. მეორე მიმართულებაა სამეცნიერო ფანტასტიკა – ჰარი ჰარისონი, ურსულა ლეგუინი, კლიფორდ საიმაკი, რეი ბრედბერი და ა.შ. მესამეა თანამედროვე პოპულარული ლიტერატურა – მიშელ უელბეკი, არტურო პერეს რევერტე, პაულო კოელიო, ფრედერიკ ბეგბედერი, ჰარუკი მურაკამი და სხვა. ანუ, ეს პაპსა ბესტსელერებია. ქართველი მოაზროვნეები აგრეთვე გატაცებული არიან თანამედროვე რუსი ავტორებით, ვიქტორ პელევინით, ბორის აკუნინით, სხვებით. აკუნინის ფანკლუბიც გვაქვს. მსოფლიო ლიტერატურის კლასიკას კი ვინ როდის კითხულობს, ამის დადგენა რთულია.

– ბავშვობიდან რა წიგნებს კითხულობდი?
– ბავშვობიდან საცნობარო ლიტერატურა მაინტერესებდა. მაქვს ყველანაირი ენციკლოპედია და სტატისტიკური ცნობარი მსოფლიოს ქვეყნების შესახებ; აგრეთვე ფეხბურთის, ოლიმპიაური თამაშების შესახებ. შემდგომ მხატვრული ლიტერატურითა და ბელეტრისტიკით დავინტერესდი. ყოველთვის ვეცნობოდი ყოველწლიურ რუსულ გამოცემა “ალფა და ომეგას”, სადაც ყველანაირი სტატისტიკაა დაწყებული ნობელის პრემიის ლაურეატებით, დამთავრებული ყველა ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობითა და ფულის ერთეულით.

– ქართველი ავტორებიდან ვინ მოგწონს?
– ალექსანდრე ყაზბეგის და ვაჟა-ფშაველას ფანი გახლავართ. წავიკითხე აკა მორჩილაძის წიგნები, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ არ მაქვს წაკითხული გოჩა მანველიძისა და ბორის დავითაიას დეტექტივები, ამაზე დროს ვერ დავკარგავ. ვცადე წამეკითხა მაია ბურჭულაძის ნაწარმოებებიც, მაგრამ ამაოდ. სხვათა შორის, მაჩუქეს ყურბან საიდის „ალი და ნინო“. ეს წიგნი ქართულადაც წავიკითხე, ინგლისურადაც და რუსულადაც. ორიგინალში გერმანულად არის დაწერილი, გერმანულს სამწუხაროდ, ისე ვერ ვფლობ, წიგნები ორიგინალში რომ ვიკითხო. ზოგადად, თუ თარგმანია, ჯობს, მსოფლიო ლიტერატურის თარგმანი რუსულად წაიკითხო. მაღალი დონის თარგმანებია...

– ბოლოს რა წიგნი წაიკითხე?
– ბოლოს იყო სერგეი მინაევის „Media Sapiens“ და „The Тёлки“, პირველი წიგნი ეხება რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს. იმას, სინადვილეში როგორ ირჩევენ პრეზიდენტს რუსეთში და არა იმას, რასაც ტელევიზორში აჩვენებენ. მედიის რეალურ როლს ჩვენს ცხოვრებაში, როდესაც ხორციელდება საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება და მოქალაქეთა ზომბირება. მოკლედ, რას გვიშვრებიან ეს პოლიტიკოსები (იცინის)... მეორე წიგნში მოთხრობილია თანამედროვე მოსკოველი გოგონების შესახებ.

– მაინც ვერ მოსწყდით ამ პოლიტიკას...
– თუ ჩვენ არ ჩავერიეთ პოლიტიკაში, მაშინ ადრე თუ გვიან პოლიტიკა ჩაერევა ჩვენში (იცინის). ისე კი მოაზროვნეები უნდა იყონ პოლიტიკაში, აბა სხვა ვინ?

– პოლიტიკური ცხოვრება გიტოვებთ წიგნის კითხვის დროს?
– შინ, სანამ ბავშვები არ დაიძინებენ, წიგნის კითხვის დრო არ მაქვს. ისინი რომ დაიძინებენ, მერე წაკითხვის თავიც აღარ მაქვს ხოლმე. ყოველ კვირას ახალ-ახალი შეკითხვები მოდის კლუბში ახალი ლიტერატურიდან. მოაზროვნეებს ეს ყველაფერი წაკითხული აქვთ და მათთან რომ არ შევრცხვე, ვცდილობ, მაქსიმალურად მზად ვიყო.

– მოაზროვნეთა შორის ყველაზე ნაკითხ, ნიჭიერ და ძლიერ ინტელექტუალად რომელს მიიჩნევთ?
– ნაკითხობა არ ნიშნავს კარგ მოთამაშეობას და პირიქით, კარგი მოთამაშეობა არ ნიშნავს ნაკითხობას. შეიძლება ძალიან ნაკითხმა კარგად ვერ ითამაშოს. ბევრი არ არის ღრმად ნაკითხი, მაგრამ კარგად თამაშობს. მაგრამ ქართული ინტელექტუალური თანამეგობრობის აღიარებული ლიდერი გიორგი ბაქრაძეა. იცით წიგნს როგორ კითხულობს? ჩვენ, ჩვეულებრივი მოკვდავები, ასე ვკითხულობთ: ავიღებთ წიგნს და ტექსტს მივყვებით მარცხნიდან მარჯვნივ. ბაქრაძე კი მთელ აბზაცსა და ზოგჯერ გვერდს ერთბაშად აღიქვამს. ჩემი თვალით ვნახე, გიორგი ბაქრაძემ სქელტანიანი წიგნი მოსკოვში ერთ ღამეში როგორ წაიკითხა. “რას შვრები, ათვალიერებ-მეთქი? – ვკითხე, - არა ვკითხულობო!, - მიპასუხა“. ერთად დავიწყეთ კითხვა იმ წიგნს, მე ერთი კვირა ვკითხულობდი, ის მეორე დილას მორჩა. თანაც რასაც კითხულობს, ყველაფერს იმახსოვრებს.

– ნიკა გვარამიაც ასე კითხულობს?
– არა, გვარამია ჩვეულებრივი მოკვდავია (იცინის).

– პოეზია გიყვართ?
– უკვე შევეშვი ლექსების წერას... (იცინის) ლექსებს ძირითადად სამშობლოს ვუძღვნიდი, ეჭვი არ მეპარება ოდესღაც ყველა წერდა ლექსებს სამშობლოზე. აბა, სხვა რაზე უნდა დამეწერა ოთხმოცდაათიან წლებში. სხვათა შორის ახლახან წავიკითხვე ვაჟა-ფშაველას “გველის მჭამელისა” და “ალუდა ქეთელაურის” ნიკოლაი ზაბოლოცკისეული თარგმანი რუსულად. სპეციალურად შევუდარე ერთმანეთს ტექსტები და გავოცდი, ისეთი კარგი ნათარგმნი იყო. გამიკვირდა, რუს პოეტს ეს ყველაფერი სწორად აღქმული და გაგებული რომ აქვს.

– თანამედროვე მწერლები და პოეტები საზოგადოებრივ ასპარეზზე აქტიურად ჩანან, მათ შემოქმედებას იცნობ?
– რატი ამაღლობელის ოთხივე პოეტურ კრებულს გავეცანი. ვფიქრობ რატის წინ დიდი მომავალი აქვს.

– როგორც ცნობილია, მოაზროვნეებს ნათხოვარი წიგნების დაბრუნება უჭირთ...
– მინდა მოვუწოდო ლაშა კილაძეს, დამიბრუნოს ჩემი არტურო პერეს რევერტეს ბოლო სამი წიგნი. ლაშა საქართველოში ამ მწერლის ფან–კლუბის ლიდერია. ნიკა გვარამიას ბოლოს ვათხოვე ბორის აკუნინის „ნეფრიტის კრიალოსანი“ რომელიც მისცა ლადო ნაცვლიშვილს, იმან კი ირინა ფრუიძეს და ირინა მპირდება, დაგიბრუნებო. ეს წიგნი მწერალმა თავისი ავტოგრაფით მაჩუქა. წიგნი ხელიდან ხელში გადადის და გადავირიე კაცი. სხვათა შორის, აკუნინის პოპულარიზაციას პარტიაშიც ვეწევი. მინდა გითხრათ, რომ მოაზროვნეებისგან განსხვავებით დათო გამყრელიძე დროზე აბრუნებს ყველა წიგნს... :-) 
   
   
ესაუბრა ნათია ნაცვლიშვილი

უკან წასვლა



შექმნილია ომედიაში