„რა უშლის ოჯახის შექმნაში ხელს „ბროლის ბუს“ მფლობელ ია მეტრეველს“
ჟურნალი „რეიტინგი“ № 8
25 თებერვალი – 2 მარტი, 2008
რუბრიკა „ინტელექტუალი“


საქართველოში „რა? სად? როდის?“ 2008 წლის ზამთრის სერიის „ბროლის ბუს“ მფლობელი ქალი გახდა. ია მეტრეველს ბევრი კონკურენტი ჰყავდა, მაგრამ კლუბში უმრავლესობის აზრმა გაიმარჯვა. ია მეტრეველმა საუკეთესო მოაზროვნის ტიტულის გარდა 3000 ლარიც მოიგო.


ჟრ. – ია, მოგვიყევი შენ შესახებ. რამდენი წლის ხარ?
ი.მ. – ეს შეკითხვა ძალიან არ მიყვარს, მაგრამ უკვე ყველამ იცის, რადგან „რა ? სად? როდის?“ საიტზე ჩემი ყველანაირი მონაცემებია. დამალვას აზრი არ აქვს. 33 წლის ვარ. პროფესიით ფერმწერი გახლავართ. საქართველოში სამხავრო აკადემია 5 წლის წინ დავამთავრე. უმაღლეს საერო–სამხატვრო სკოლა–აკადემიაში სტუდენტებს ფერწერასა და ხატვას ვასწავლი.

ჟრ. – ქართული გვარი გაქვთ, რუსული აქცენტით რატომ ლაპარაკობ?
ი.მ. – თბილისში დავიბადე, მაგრამ რუსეთში გავიზარდე. მამა სამხედრო პირი იყო. რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ვცხოვრობდით. რუსული სკოლა დავამთავრე, თბილისში რომ ჩამოვედი, პედაგოგიურ ინსტიტუტში რუსულ განყოფილებაზე ჩავაბარე. ჩემი მშობლიური ენის შესწავლა ძალიან გვიან დავიწყე. რუსული აქცენტი ალბათ კიდევ დიდიხანს დამრჩება. როცა ვნერვიულობ, მაშინ უფრო ცუდად ვლაპარაკობ ქართულად.

ჟრ. – სკოლაში შენი საყვარელი საგანი რომელი იყო?
ი.მ. – როცა ვსწავლობდი, ძალიან მონდომებული ვიყავი. ფიზკულტურის გარდა, ყველა საგანში მაღალი ნიშანი მყავდა. ოქროს მედალი არ ამიღია. მაშინ აღარავის აძლევდნენ, მაგრამ ხუთების ატესტატი მაქვს.

ჟრ. – ბევრი რამის ცოდნის სურვილი როდის გაგიჩნდა?
ი.მ. – როცა პატარა ვიყავი, უკვე გადიოდა რუსული გადაცემა „რა? სად? როდის?“ და ეს თამაში ბავშვობიდან მომწონდა.

ჟრ. – ყველაზე მეტად რომელი მოთამაშე მოგწონდათ?
ი.მ. – ალექსანდრე დრუზის ფანატი ვიყავი ყოველთვის. სხვა მოთამაშეებიც ძალიან მომწონდა.

ჟრ. – რას გეუბნებიან, ვის ჰგავხარ ყველაფრის ცოდნის სურვილში?
ი.მ. – ჩემმა მშობლებმა ბევრი რამ იციან. დედაჩემს „მოსიარულე ენციკლოპედიას“ ეძახდნენ. მამაც ინტელექტუალია. დღემდე ბევრს კითხულობს.

ჟრ. – შენ თუ გაქვს რამე მეტსახელი?
ი.მ. – არც ერთი არ შემომრჩა დღემდე. ე.ი. ის მეტსახელი ჩემი არ იყო.

ჟრ. – „რა? სად? როდის?“ თამაშებში როდის ჩაერთეთ?
ი.მ. – თუ არ ვცდები, 1999 წლიდან უკვე მოაზროვნეთა კლუბში ვიყავი. მაშინ ეს გადაცემა მე–9 არხზე გადიოდა.

ჟრ. – ძველ მოაზროვნეებს – ნიკა გვარამიას, პავლე კუბლაშვილსა და კახა კუკავას იცნობთ?
ი.მ. – ნიკას კარგად ვიცნობ. კლუბში უკვე მეცხრზე წელია ვთამაშობ და ხშირად ვხვდები. ამიერკავკასიის ჩემპიონატებშიც ბევრჯერ გვაქვს მონაწილეობა მიღებული ერთად. კუბლაშვილი და კუკავა კი უკვე 10 წელზე მეტია კლუბში არ გამოჩენილან.

ჟრ. – ამიერკავკასიაში ბროლის ბუს მფლობელი როდისმე ქალი გამხდარა?
ი.მ. – დღემდე ჩატარებულ თამაშებზე ბროლის ბუს არ გადასცემდნენ. საუკეთესო მოაზროვნის ტიტულს და „ბრინჯაოს მოაზროვნეს“ აძლევდნენ მოთამაშეებს, ეს ჩვენთან საუკეთესო ჯილდო იყო. ტიტული მიღებული ჰქონდად გიორგი ბაქრაძეს, ზურა მაღრაძეს და სხვებს. მათ შორის ქალი არასდროს ყოფილა. ამიერკავკასიის ჩემპიონატზე კი პირველი ადგილი რამდენჯერმე ავიღე. მონაწილეობა მიღებული მაქვს მსოფლიო ჩემპიონატებზეც, მაგრამ ამ შეხვედრებზე ქართველები მაღალ ადგილზე ვერ გავდივართ. რუსული გუნდები, როგორც წესი ყველაზე ძლიერები არიან.

ჟრ. – საუკეთესო მოაზროვნეს ბროლის ბუს რატომ აძლევენ ხოლმე?
ი.მ. – ბუ სიბრძნის სიმბოლოა. ბერძნულ მითოლოგიაში ქალღმერთი ათენა ყოველთვის ბუსთან ერთად იყო გამოსახული.

ჟრ. – 2008 წლის საუკეთესო მოთამაშის ყოველდღიური ცხოვრება როგორია? ალბათ ბევრს კითხულობ...
ი.მ. – როცა დრო მაქვს, რა თქმა უნდა, ბევრს ვკითხულობ. თუ საინტერესო წიგნია, დილიდან საღამომდე ვკითხულობ ხოლმე.

ჟრ. – რომელ სფეროში ხარ ყველაზე ძლიერი?
ი.მ. – ხელოვნების რამდენიმე სფეროა, რომელიც კარგად ვიცი, იმედი მაქვს, რომ იმ სფეროდან დასმულ ნებისმიერ კითხვას უპრობლემოდ გავცემ პასუხს, საოპერო მუსიკის თემებზეც ადვილია ჩემთვის პასუხის გაცემა. ჩემი აზრით, რუსულ ლიტერატურაშიც ძლიერი ვარ.

ჟრ. – საყვარელი წიგნი გაქვს?
ი.მ. – ძალიან ბევრი. მიყვარს მიხეილ ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“. ენციკლოპედიური და მემუარული ტიპის წიგნები ძალიან მომწონს. რომანები კი რატომღაც არ მიყვარს.

ჟრ. – ქართული მწერლებიდან რომელიმე განსაკუთრებით გიყვარს?
ი.მ. – მიყვარს ნოდარ დუმბაძე, რომელიც რუსულად მაქვს წაკითხული. ანა კალანდაძე და ლადო ასათიანი ჩემი საყვარელი პოეტები არიან.

ჟრ. – მითხარი, ბევრს ვკითხულობო. ხატვის დრო გრჩება?
ი.მ. – დღის განმავლობაში ვხატავ, რომ დაბნელდება, კითხვას მაშინ ვიწყებ.

ჟრ. – ნახატებს ყიდი?
ი.მ. – კი, მაგრამ ძალიან იაფად, რატომღაც ახლა მოდაში აღარაა ნახატების შეძენა.

ჟრ. – როგორ ერთობი ხოლმე?
ი.მ. – ჩემი გართობა წიგნის კითხვაა. რომ იტყვიან წიგნის ჭია ვარ.

ჟრ. – სამი ათასი ლარი მოიგე, ამ თანხასთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვს?
ი.მ. – ერთი ოცნება მაქვს, რომელსაც უფრო ბერვი თანხა სჭირდება განსახორციელებლად. ესპანეთში მინდა სამოგზაუროდ წასვლა. სამი ათასი ლარი ჯერ არ ამიღია. როცა ეს მოხდება, მერე გადავწყვეტ რას და როგორ გავაკეთებ.

ჟრ. – თამაშის დროს რა ტიპის კითხვებს ანიჭებ უპირატესობას?
ი.მ. – მომწონს კითხვები, რომელშიც ლოგიკაა, ხანდახან ისეთ კითხვებზე ვერ ვცემ პასუხს, რომ გული მტკივა.

ჟრ. – ბროლის ბუს მფლობელი შენ რომ არ გამხდარიყავი, ვის დაასახელებდი მის მფლობელად?
ი.მ. – ჩემს გუნდში ბევრია ამ ტიტულის ღირსი. დარწმუნებული ვარ მომავალ სეზონში ისინი აუცილებლად მოიგებენ ბროლის ბუს. ჩვენი გუნდის კაპიტანი კი, ჩემი აზრით, კლუბის ყველაზე კარგი კაპიტანია.

ჟრ. – კლუბში თამაშმა ალბათ ბევრი თაყვანისმცემელი გაგიჩინა. უახლოეს მომავალში რომელიმე მოაზროვნესთან ერთად ოჯახის შექმნას ხო არ გეგმავ?
ი.მ. – კლუბში თამაში ოჯახის შექმნაში ხელს ძალიან მიშლის (იცინის). ჩვენს კლუბში მოაზროვნეების უმეტესობა დაოჯახებულია. დანარჩენები კი ძალიან ახალგაზრდები არიან. ჯერჯერობით პოპულარობას ვერ ვგრძნობ. უცნობები ჩემ მიმართ ინტერესს არ იჩენენ. ეს ალბათ იმის ბრალია, რომ ჯერ მხოლოდ ერთი სეზონი ვითამაშეთ. მომავალში, იმედია, სიტუაცია შეიცვლება.




ავტორი: მერი კობიაშვილი

უკან წასვლა




შექმნილია ომედიაში