„მინდა, ეს ინტერვიუ არასოდეს დასრულდეს...“
„ინტელექტუალი მოდელით მოიხიბლა“

ჟურნალი „გზა“ №9
28 თებერვალი – 5 მარტი, 2008
რუბრიკა „ჟურნალისტის როლში“


უკვე რამდენიმე თვეა, “რუსთავი 2”-ის ეთერში გადაცემა “რა? სად? როდის?” აღადგინეს, რომლის წამყვანი კვლავ გიორგი მოსიძეა – ცნობილი მოაზროვნე და ამჯერად, უკვე პოლიტიკაში ჩართული პირი. როდესაც მას რუბრიკაში - “ჟურნალისტის როლში” მონაწილეობა შევთავაზეთ, გვითხრა: “არ მინდა ვინმე ჩახლართული ინტელექტუალი, ვინმე კარგი ტიპი გამაცანითო”. აბა, ასეთ თხოვნაზე უარს როგორ ვეტყოდი?! ჰოდა, მეორე “ჟურნალისტად” სამოდელო სააგენტო “ნატალის” მოდელი, 18 წლის გვანცა დარასელია მოვიწვიეთ. გიორგი ჩვენი არჩევანით კმაყოფილი დარჩა და გვანცას ინტელექტუალობითაც ისე მოიხიბლა, რომ გოგონა გადაცემაში მიიწვია.

ჟურნალისტი – გიორგი მოსიძე
რესპოდენტი – გვანცა დარასელია


გმ: – გვანცა, ვიდრე ინტერვიუზე მოვიდოდი, შენს დოსიეს გავეცანი, კიდევ შენი “გარშემოწერილობის” შესახებაც მოვიპოვე ინფორმაცია და ძალიანაც მოვიხიბლე. ისიც ვიცი, რომ ტელეწამყვანის სპეციალობას ეუფლები...
გდ: – ვხუმრობ ხოლმე, ჟურნალისტიკა ჩემი თანდაყოლილი იდეაა-მეთქი. ყოველთვის ამაზე ვოცნებობდი. ჩემი აზრით სწორი არჩევანი გავაკეთე.

გმ: – “გრიგოლიაობას” ნამდვილად არ გისურვებ. ახლა საშუალება რომ მოგცენ როგორ გადაცემას გააკეთებდი?
გდ: – ნამდვილად არ ვიცი. მგონი საავტორო გადაცემა ჩემთვის ნაადრევია. მინდა ჯერ ქართველ ხალხს დილის ეთერიდან მივესალმო.

გმ: – მაინც ვერ გავიგე რატომ აირჩიე ტელევიზია და არა პოდიუმი? მოდელისთვის საჭირო ყველა მონაცემი გაგაჩნია. კამერასთან მუშაობაც იცი... არ გინდა, რომ პარიზის დეფილეებში მიიღო მონაწილეობა?
გდ: – მოდელობა პროფესიად არ მიმაჩნია. მხოლოდ პოდიუმზე რომ ვიფიქრო, რაც მართლა ჩემი მოწოდებაა, მაშინ იმის გვერდზე გადადება მომიწევს, არადა ტელეკარიერაზე ყოველთვის ვოცნებობდი. გარდა ამისა, არამგონია, ჩემს ოჯახს დიდი სურვილი ჰქონდეს რომ უცხო ქვეყანაში გადავიხვეწო.

გმ: – მე, როგორც მამა ვაცხადებ, რომ ჩემი გოგონა როცა გაიზრდება და ძალიან ლამაზი იქნება, მირჩევნია საქართველოში, ჩენთან იყოს; მაგრამ მეორე მხრივ – ჩემი გოგონა “ოსკარის” ცერემონიალზე რომ დავინახო, სადაც ხმამაღლა განაცხადებს მადლობა მამასო, – სიამაყით ავივსები... თემა შევცვალოთ და მითხარი შენი ასაკის ანუ 18 წლის თინეიჯერები თბილისში სად და როგორ ერთობიან?
გდ: – თბილისში ძალიან ცოტა გასართობი ადგილია, თან სადაც კარგი ადგილია იქ შესვლა ძვირი სიამოვნებაა, რასაც ჩემი ფინანსები ვერ წვდება.

გმ: – კი, მაგრამ ასეთ დაწესებულებაში შესვლისას თანხა შენ რატომ უნდა გადაიხადო? თაყვანისმცემლები არ გეპატიჟებიან?
გდ: – თაყვანისმცემლებს არსად დავყვები...

გმ: – ე.ი. თაყვანისმცემელს რომელსაც შეუძლია, კარგ ადგილას დაგპატიჟოს არსად მიყვები, ხოლო მას ვინც მოგწონს, ალბათ, ამის საშუალება არა აქვს... ისე დღეს საღამოს შეიძლება სადმე დაგპატიჟო? ადგილი თავად შეარჩიე, რადგან მე მხოლოდ ის ვიცი, სად ხარშავენ კარგ ხინკალს და სად ამზადებენ საუკეთესო ჩალაღაჯს. ასეთ ადგილას, რომ დაგპატიჟო და ვინმემ შენთან ერთად ჩალაღაჯის ჭამის დროს მნახოს, ხომ წარმოგიდგენია რას იტყვიან (იცინის ☺).
გდ: – ჩემთვის ყველაზე კარგი გასართობი ადგილი რომელიმე მეგობრის სახლია, სადაც რამდენიმე უახლოესი ადამიანი შევიკრიბებით და გიტარის თანხლებით ვმღერით. ძალიან მიყვარს სიმღერა და საბედნიეროდ ეს მეხმარება კიდეც. ასეთი სიტუაცია ყველანაირ კლუბს და რესტორანს მირჩევნია.

გმ: – როგორც იტყვიან: “ნამიოკ პონიალ”: ერთით ნოლი შენს, სასარგებლოდ (იცინის ☺). შენი აზრით, ჭეშმარიტი ქართველი ქალისთვის ბედნიერება რას ნიშნავს?
გდ: – არ ვიცი, ამ საკითხზე არასოდეს მიფიქრია, თუმცა ვეცდები ჩამოვაყალიბო. ქალის ბედნიერებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამი რამ არის: ოჯახი, კარიერა და ჯანმრთელობა.

გმ: – ფულში არ არის ბედნიერება?
გდ: – ნაწილობრივ, ფულშიცაა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის სამი რამაა, რაც გითხარი. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ხალხი რომ ამბობს, გულის კარნახს უნდა მიჰყვეო, მე ამგვარად არ ვიქცევი, ყოველთვის გონების კარნახით ვმოქმედებ.

გმ: – სწორედ ამას ჰქვია ახალი თაობის ქართველი ქალი! (იცინის ☺). ხომ ხედავთ, რას გვიშვება ეს ველური კაპიტალიზმი?! ქართველ მამაკაცებზე რას ფიქრობ? საშინელებებს?
გდ: – არა, ქართველ კაცებზე ცუდი წარმოდგენა ნამდვილად არ მაქვს. მიმაჩნია, რომ ქალს კარგი მამაკაცის პოვნა ყოველთვის შეუძლია. სისულელეა, როცა ამბობენ – ყველა კაცი ცუდიაო. რა ვიცი, ჩემს გარშემო ბევრი საღად მოაზროვნე ადამიანია (თაყვანისმცემლებს კი არა, ჩემს მეგობრებს ვგულისხმობ) და ნუთუ მხოლოდ მე გამიმართლა, ყველა კარგი ადამიანი ჩემს გარშემო შეიკრიბა? იმედი მაქვს, ცხოვრების თანამგზავრადაც კარგ ადამიანს ვიპოვნი...

ჟურნალისტი – გვანცა დარასელია
რესპოდენტი – გიორგი მოსიძე


გდ: – გიორგი, საუბარი შენი კარიერით დავიწყოთ. სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრე, მაგრამ მგონი ამ პროფესიით არასოდეს გიმუშავია. შენ კლუბის “რა? სად? როდის?” დამფუძნებელი ხარ და პოლიტიკაშიც აქტიურად ერევი, როდის და როგორ დაიწყო შენი კარიერული აღმასვლა?
გმ: – ალბათ, სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარება შეცდომა იყო. უმაღლესი ნამდვილად არასწორად შევარჩიე. საერთოდ თეატრალურ უნივერსიტეტში მინდოდა ჩაბარება, მაგრამ პაპაჩემმა ისეთი ტონით მკითხა: “არტისტი უნდა გამოხვიდეო?”, რომ მაშინვე გადავიფიქრე და სამედიცინოზე ჩავაბარე...
რაც შეეხება კლუბს, მე და ჩემი მეგობრები საქართველოს მასშტაბით დიდხანს ვეძებდით ისეთ ადგილს, სადაც ინტელექტუალური თამაშები იმართებოდა და როცა ვერსად ვიპოვნეთ, ავდექით და 1991 წელს თავად დავაფუძნეთ კლუბი “რა? სად? როდის?”. მოგეხსენებათ მაშინ თბილისში საკმაოდ არეული პერიოდი იყო. ჩვენ სამედიცინო ინსტიტუტის ფოიეში გავაკარით დიდი პლაკატი, სადაც ეწერა, რომ ვისაც ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობის სურვილი ჰქონდა, მეორე დღეს სააქტო დარბაზში მოსულიყო. სხვათაშორის მეორე დღეს ეს დარბაზი გაივსო... პირველი სატელევიზიო გადაცემა 1996 წელს გავაკეთეთ. მოაზროვნეთა კლუბში მისი დაფუძნებიდან დღემდე სულ დაახლოებით 25 000 კაცმა მიიღო მონაწილეობა. მთავრობიდან დაწყებული ბიზნესის სფეროთი დამთავრებული, ჩვენი “აღსაზრდელები” ყველგან მუშაობენ.

გდ: – გამიგონია, თქვენს კლუბში ნიკა გვარამიაც თამაშობდა.
გმ: – მართალია. გვარამია ერთ-ერთი ძლიერი მოთამაშე იყო. ის საქართველოს ნაკრების წევრი და ორგზის საქართველოს მოაზროვნე გახლავთ.

გდ: – პოლიტიკაში, რომ წავიდა მისი ნაბიჯი მოგეწონა?
გმ: – რა თქმა უნდა. ქართულ პოლიტიკაში რაც მეტი მოაზროვნე მოვა, ჩვენთვის უკეთესი იქნება.

გდ: – შენც ამიტომ გადაწყვიტე პოლიტიკაში წასვლა?
გმ: – 2001 წლის გაზაფხულზე ტელევიზიით საქართველოს პარლამენტის სხდომას ვუყურებდი და ვიფიქრე: ამათზე მეტ საქმეს მოაზროვნეები ნამდვილად გავაკეთებთ–მეთქი და მაშინ გადავწყვიტე პოლიტიკაში წასვლა.

გდ: – იმედგაცრუება არ გქონია?
გმ: – კი, 2005 წლის შემოდგომაზე ისნის რაიონში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები წავაგე. უფრო სწორად, არჩევნები კი მოვიგე, მაგრამ პარლამენტარი სხვა გახდა. თუმცაღა ქართულ პოლიტიკაში უკვე აღარაფერი მიკვირს…

გდ: – რისთვის იღწვი?
გმ: – იმისთვის, რისთვისაც ყველა ჩვენთაგანი, საქართველოს კეთილდღეობისთვის.

გდ: – წარნმოიდგინე რომ საქართველოს პრეზიდენტი ხარ, პირველ რიგში რას მოიმოქმედებდი?
გმ: – ასეთი რამის წარმოდგენა დაახლოებით 25 წლის შემდეგ შეიძლება. რადგან ვფიქრობ, საქართველოს ახალგაზრდა პრეზიდენტი არ უნდა ჰყავდეს. ეს დამღუპველია. ჩვენს ქვეყანას 50 წელს მიღწეული, გამოცდილი, ჩამოყალიბებული პიროვნება სჭირდება. ახალგზარდა, მოთინეიჯერო პრეზიდენტების მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი.

გდ: – გადაცემა “რა? სად? როდის?” და პოლიტიკა ერთმანეთს თუ ჰგავს?
გმ: – პოლიტიკა ამ პროექტზე ბევრად უფრო დიდი და ძვირადღირებული შოუა. მართალია, იქაც შოუმენები იგებენ, მაგრამ თამაშის მეთოდი და ტაქტიკა სხვაგვარია. თანაც, პოლიტიკაში მსახიობობას ბევრად მეტი როლი ენიჭება, ვიდრე ინტელექტ–კლუბში. პრაქტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში ვინც მეტ ტყუილს ამბობს და მეტად მსახიობობს, ის უკეთეს შედეგსაც აღწევს. მათგან განსხვავებით, ვცდილობ, არავინ მოვატყუო და ბუნებრივი ვიყო.

გდ: – მერე, გამოდის რამე?
გმ: – რომ არ ვიტყუები და არ ვმსახიობობ, სწორედ ამიტომ არ ვარ პარლამეტის წევრი და ქართულ პოლიტიკაში ადგილი ჯერ ვერ დავიმკვიდრე.

გდ: – პირველ სიყვარულზე რას იტყვი?
გმ: – სკოლა ისე დავამთავრე, შეყვარებული არ მყოლია, ანუ ხელჩაკიდებულს არავისთან მივლია და “ლაღიძეში” არავინ დამიპატიჟებია (იცინის ☺). სკოლა 1989 წელს დავამთავრე. ბოლო წლებში მიტინგებზე დავრბოდი და საქართველოს გაუმარჯოს-მეთქი, ვყვიროდი. მთელი სტუდენტობის დროსაც თბილისში არეულობა იყო. თან, მაშინ მატერიალური მდგომარეობაც არ მქონდა ისეთი, რომ ვიღაცისთვის თაყვანი მეცა. პირველი სერიოზული გრძნობა საკმაოდ გვიან, დაახლოებით 20 წლის ასაკში მეწვია.

გდ: – ისევ გადაცემას დავუბრუნდეთ. რამდენად რეიტინგულია წელს თქვენი პროექტი?
გმ: – ყოველკვირეულად სატელევიზიო რეიტინგები ქვეყნდება. ამიტომ ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი გადაცემა ყოველთვის პირველ ხუთეულშია. როგორც წესი მე–2 ადგილზე ვართ. ორჯერ გადაცემა “პრაიმ თაიმმა” გვაჯობა, ორჯერ “კომედი შოუმ” და ერთხელ “ჯეოსელის” გათამაშებამ. ყოველკვირეულად მთელი საქართველოს მასშტაბით მოსახლეობის 24–25% გვიყურებს, ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებლია.

გდ: – რამდენიმე დღის წინ კასტინგი ჩაატარეთ არა?
გმ: – მართალია. ყოველი გადაცემისას ვაცხადებთ, რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ჩვენთან სათამაშოდ მოვიდეს. ჯერ გვიგზავნიან ანკეტას, შემდეგ კი ვუკავშირდებით. გასულ კვირაში, დაახლოებით 100 კაცთან დავრეკეთ და მოვიწვიეთ კასტინგზე. 40-მა მათგანმა ჩვენთან მოსვლაზე მაშინვე უარი თქვა. ეს იმის მანიშნებელია, რომ როცა გადაცემას უყურებენ აზარტში არიან და ფიქრობენ: “ამას ხომ მეც ვითამაშებო”, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, უკან იხევენ. 60-მა გვითხრა: – მოვალო, მაგრამ კასტინგზე მხოლოდ 19 ადამიანი მოვიდა ☺. საქართველო ცოტა სპეციფიური ქვეყანაა. ჩვენთან ხალხს საჯაროდ გამოსვლის ეშინიათ. ფიქრობენ: “ვაითუ, რაიმე შემეშალოს და ვიღაცამ დამცინოსო”. მოკლედ, საქართველოში შოუს გაკეთება ძალზედ რთულია.

გდ: – ქალ მოაზროვნეებს როგორ უყურებ?
გმ: – სანამ გათხოვდებიან, კარგად (იცინის ☺). სამწუხაროდ გათხოვების შემდეგ, მოაზროვნე ქალები კლუბს ტოვებენ და ამის გამო, ბევრი კარგი მოთამაშე დავკარგეთ.

გდ: – თუ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა თქვენი კლუბის წევრი ქალი და მამაკაცი დაოჯახებულან?
გმ: – რა თქმა უნდა?! მაგალითად, ლაურა დემეტრაშვილისა და ირაკლი თოდრიას ოჯახი. მათ ერთმანეთი კლუბში გაიცნეს. ანდრო სოლოღაშვილის ცოლი ნათია მანია ჩვენი მოაზროვნეა, ვალიკო ლობჟანიძემ კი ბათუმის მოაზროვნეთა კლუბის წევრი მოიყვანა ცოლად და ა.შ. ასე რომ, უკვე გვეზრდებიან “ბეიბი”–მოაზროვნეები და მომავალში, მათი გუნდებიც შეიქმნება.

გდ: – ძალიან დიდი მადლობა ინტერვიუსთვის.
გმ: – პირიქით. დიდი მადლობა შენ, იცოდე ჩვენს კლუბში ყოველთვის სასურველი სტუმარი იქნები. აუცილებლად მოგიწვევ ჩვენს გადაცემაში, რადგან მიმაჩნია რომ საკმაოდ კარგად აზროვნებ.
გდ: – რომ იცოდე ეს ჩემთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტია.





ავტორი: ნათია ჟივიძე




შექმნილია ომედიაში