„ია მეტრეველი თამაშის დროს კაცად იქცევა“
„რა აჩუქა ნიკა გვარამიას ცოლს საუკეთესო მოაზროვნემ?“

ჟურნალი „სარკე“ №7
13–19 თებერვალი, 2008
რუბრიკა „მოთამაშე“


ინტელექტუალური თამაშის “რა? სად? როდის?” ზამთრის სეზონის საუკეთესო მოაზროვნედ ქალბატონი ია მეტრეველი დასახელდა. ია აქამდე ასაკს მალავდა, მაგრამ გადაცემის საიტზე მისი ბიოგრაფიაა გამოქვეყნებული და დამალვას აზრი აღარ აქვსო, ამბობს. ამიტომ ჩვენც აღარ დავმალავთ და მკითხველს ვაცნობებთ, რომ ახალგაზრდა ინტელექტუალი ქალბატონი 33 წლისაა.
ია მეტრეველი მამით ოსია – გაგიევი, ახლა დედის გვარს ატარებს. ეს გვარი უფრო მომწონსო, გვითხრა. ია თბილისში დაიბადა, მაგრამ 6 თვის იყო საქართველო რომ დატოვა. ია მისმა პოლკოვნიკმა მამამ წაიყვანა, რადგან სამსახური მაშინდელ საბჭოთა ქვეყანაში რუსეთის სხვადასხვა ქალაქში უწევდა, ამიტომაც იას ქართულად სწორი მეტყველების კომპლექსი აქვს.
იამ ჯერ პედაგოგიური ინსტიტუტი დაამთავრა. შემდეგ - თბილის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. პროფესიით მხატვარ-ფერმწერია, თბილისის უმაღლესი საერო სამხატვრო სკოლა-აკადემიაში ფერწერას და ხატვას ასწავლის. როცა არ თამაშობს, მორიდებული და წყნარია, კლუბში “რა? სად? როდის?” კი მებრძოლ მამაკაცად გადაიქცევა ხოლმე.

ია მეტრეველი:
- ბავშვობა ჩელიაბინსკსა და სვერდლოვსკში (ამჟამად ეკატერინბურგი) გავატარე, რუსულ სკოლაში ვსწავლობდი. მეათე კლასის მოსწავლე თბილისში დავბრუნდით. რომ ჩამოვედით, ქართული თითქმის არ ვიცოდი. პედაგოგიურ ინსიტუტში რუსული ფაკულტეტი დავამთავრე, სამხატვრო აკადემიაში - ქართული.
- რუსეთში ცხოვრების დროს ოჯახში ქართულად არ ლაპარაკობდით?
- არა, სახლში რუსულად ვლაპარაკობდით. მამაჩემი რუსეთშია დაბადებული, დედა - ვლადიკავკაზში, ორივეს რუსული განათლება აქვთ მიღებული. სახლში ახლაც რუსულად ვლაპარაკობთ. საქართველოში რომ დავბრუნდი, ვიჯექი და ხმამაღლა ვკითხულობდი ხოლმე ქართველი პოეტებისა და მწერლების ნაწარმოებებს.
- თქვენი სახლი ნახატებით არის სავსე, ყველაზე დიდი კი თქვენი ავტოპორტრეტია, რა დროს უთმობთ ხატვას?
- ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო საქმე ხატვაა. შეკვეთებსაც ვიღებ და როცა დრო მაქვს სულ ვხატავ. ხანდახან დილიდან საღამომდე ამ საქმით ვარ დაკავებული. ჩემი ავტოპორტრეტი სადიპლომო ნამუშევარია, ძალიან მიყვარს პორტრეტების, პეიზაჟების და ნატურმოტების ხატვა. სახლში არც ერთი პეიზაჟი არ მაქვს რადგან რასაც ვხატავ ყველას ვყიდი. ზეთის საღებავით ვმუშაობ, იშვიათად ვხატავ შავი ტუშით გრაფიკში, ეს სერიოზულ მხატვრობად არ მიმაჩნია.
- როგორ მოხვდით კლუბში “რა? სად? როდის?”?
- კარგა ხანს მინდოდა ამ კლუბთან დაკავშირება. 1999 წელს მივაგენი. მაშინ სკოლაში ვმუშაობდი. ჩემი თანამშრომლის შვილი თამაშობდა აქ და მის გუნდში იყო თავისუფალი ადგილი, როგორც ლეგიონერი, ისე მივედი და დავრჩი. უკვე მეცხრე წელია კლუბში ვთამაშობ და ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს ინტელექტუალური სპორტია, ძალიან აზარტული ვარ, მიყვარს ბანქო და სხვა აზარტული თამაშები.
- კაზინოშიც დადიხართ?
- არა, ვერ ვიტან ფულზე თამაშს, როდესაც თუნდაც სახლში ფულზე თამაშს ვიწყებ ყოველთვის ვაგებ.
- ინტელექტუალურ კლუბში ძირითადად მამაკაცები ჭარბობენ, ხომ არ იჩაგრებით როგორც სუსტი სქესის წარმომადგენელი?
- იმ დროს, როცა სპორტულ თამაშს ვთამაშობ თავი კაცი მგონია და გენდერულ გასხვავებას აბსოლუტურად ვერ ვგრძობ. მგონი, თამაშის დროს ისინიც კაცად აღმიქვამენ, ფინალის დღესაც მაგიდასთან ისე ვისხედით როგორც ექვსი ტვინი და იქ არავინ ფიქრობდა იმაზე, რომ მე ქალი ვიყავი. ჩვენს კლუბში ძალიან ცოტა ქალია. მხოლოდ ისინი დავრჩით ვისაც თამაში სიგიჟემდე გვიყვარს, კლუბის ყველა წევრთან დიდიხნის მეგობრობა მაკავშირებს.
- იუსტიციის მინისტრი, ნიკა გვარამიაც კლუბის წევრია, მასთნაც მეგობრობთ?
- რა თქმა უნდა, თუმცა ნიკა ამ ბოლო დროს კლუბში ხშირად აღარ დადის.
- ძალიან კი გაუხარდა თქვენი გამარჯვება. თქვენი კანდიდატურა მან დაასახელა, გამარჯვებულს კი ჩაგეხუტათ.
- მე და ნიკა გვარამიას ერთ გუნდში არასოდეს გვითამაშია. ყოველთვის ერთმანეთის კონკურენტები ვიყავით, თუმცა ამ კონკურენტობას მხოლოდ თამაშის დროს ვგრძობდით, საერთოდ კი დიდი მეგობრები ვართ. ჩვენ ვიცით, რომ ეს თამაშია ხან ვაგებთ და ხან ვიგებთ.
- გამარჯვებას ელოდით?
- არა, ვნერვიულობდი, რომ გრამატიკულ, ლექსიკურ შეცდომას დავუშვებდი, როდესაც თამაშის ბოლოს მდგომარეობა დავინახე, მობილიზება გავუკეთე თავს, დამავიწყდა როგორი პრობლემები მაქვს ქართული ენის ცოდნაში და თამაში დავიწყე.
- გაგიმართლათ, რომ ბოლო კითხვა მხატვრობაზე მოვიდა, ამან თქვენი გამარჯვება განაპირობა.
- ეს კითხვა მთლად მხატვრობას არ ეხებოდა. ვაშლებით გაკეთებული სურათი არ არის სურათი. სამწუხაროდ რაც ალტდოფერის და რაფაელის ნამუშევრებს ეხებოდა, იმ კითხვასაც ვერ გავეცი სწორი პასუხი.
- მხატვრობის გარდა კიდევ რომელ სფეროში ერკვევით?
- კლასიკურ მუსიკაში, მუსიკალური სკოლა მაქვს დამთავრებული. ძალიან მიყვარს საოპერო მუსიკა, ლიტერატურაც მიყვარს. ქართული ლიტერატურა რუსულ თარგმანში მაქვს შესწავლილი, დღე არ გავა რომ არ წავიკითხო. საერთოდ მორიდებული ვარ მიჭირს უცხო ადამიანებთან ურთიერთობაში შესვლა.
- მამაკაცებს გულისხმობთ?
- არა, ყველას.
- როგორი მამაკაცები მოგწონთ?
- პირველ რიგში, ჭკვიანი. მამაკაცს უნდა ქონდეს კარგი იუმორის გრძნობა.
- ინტელექტუალურ კლუბში უამრავი ჭკვიანი უცოლო მამაკაცია, რომელიმე თქვენი თაყვანისმცემელი ხომ არ არი?
- არა.
- არც შეყვარებული ან საქმრო გყავთ?
- არა.
- ახლა მოაზროვნე ქალის ტიტულის მფლობელი ხართ, მამაკაცებს თქვენი ხომ არ შეეშინდებათ?
- არა ვარ ჭკვიანი, ვფიქრობ რომ ჩემი ტვინი 15 წლის ასაკში დარჩა, ძალიან არასერიოზული ვარ.
- რითი გამოიხატება თქვენი არასერიოზულობა?
- მიყვარს საბავშვო და ფანტასტიკური ფილმების ყურება. ვერ ვგრძნობ, რომ ასაკი მაქვს, ზუსტად იგივე ვარ, როგორიც სკოლაში ვიყავი. ბევრი რამ წამიკითხავს, კარგი ლოგიკაც მაქვს, მაგრამ ვიცი რომ ჭკვიანი არ ვარ. ამას ვგრძნობ თუმცა ვთვლი, რომ მოაზროვნის ტიტული მაინც დამსახურებულად მერგო.
- მგონი, ფინალამდე გამართულ სატელევიზიო თამაშში ხმა საერთოდ არ ამოგიღიათ.
- ხშირად კითხვაზე პასუხი ვიცი, მაგრამ არ ვიცი როგორ მივცე ფორმულირება ქართულად, ამიტომ ფურცელზე ვწერ რუსულად და სხვა მოთამაშეს ვაწვდი. წამყვანი, გიორგი მოსიძე, ჩაწერაზე რუსულად ლაპარაკს გვიშლის, ამიტომ იძულებული ვარ ასე მოვიქცე.
- სხვა რა გატაცებები გაქვთ?
- მიყვარს ბისერებით სამკაულების გაკეთება. შეკვეთებიც მაქვს და ექსკლუზიურ სამკაულებს ვაკეთებ. მეც სიამოვნებით მოვიხმარ ჩემს გაკეთებულს. ტანსაცმელს ჩემით ვიკერავ. სხვას რომ აცვია ისეთი სამოსის ჩაცმა არ მიყვარ, ამიტომ ვცდილობ, ჩემი დიზაინით შევკერო ყველა კაბა, რომელიც ჩაწერის დროს მეცვა, ჩემი ხელით არის შეკერილი, კლასიკური სამოსი მიყვარს, შარვალიც, რადგან ძალიან კომფორტულია, ქსოვაც მიყვარს, ჩემს მიერ დამზადებული ყელსაბამი ნიკა გვარამიას ცოლს ვაჩუქე საქორწინოდ. ყავისფერი, ოქროსფერი, ბეჟი ფერები გამოვიყენე. ვიცოდი, რომ ასეთი ფერები უნდოდა.
- ქორწილამდე იცნობდით?
- კი, ვიცნობდი. მე მეკეთა ერთი მძივი, რომ ნახა, თქვა, ძალიან მომწონსო, ამიტომ სიურპრიზად გავუკეთე.
- გვარამიას ცოლი ინტელექტუალურ კლუბში გაიცანით?
- დიახ, ქობულეთში, 2007 წლის სამხრეთ კავკასიის ჩემპიონატზე “რა? სად? როდის?”–ში. იქ ნიკა გვარამიას ახლდა.
- ია, საჩუქრად ბროლის ბუ და 3000 ლარი გადმოგეცათ. ბუ სახლში არ მოგიტანიათ?
- ბროლის ბუ ახლა გიორგი მოსიძესთან ინახება. მთხოვა ცოტახანს ჩემთან იყოს, ინტერვიუები უნდა მივცე და მჭირდებაო. მომავალში აუცილებლად წამოვიღებ. ჯერ არც ფული გადმოუციათ.
- 3000 ლარს რაში დახარჯავთ?
- ჯერ არ ვიცი, იმდენი გეგმა მაქვს, რომ 3000 ძალიან მეცოტავება. თუ რუსეთს არ ჩავთვლით, არასოდეს ვყოფილვარ საზღვარგარეთ. ძალიან მინდა ესპანეთში წასვლა, რაშიც ეს თანხა არაფრით მეყოფა. ძალიან მომწონს ბარსელონა და ანტონიო გაუდის არქიტექტურა. იმედი მაქვს, ოდესმე მაინც ვნახავ.



შექმნილია ომედიაში