„ყველაზე ტიტულოვანი მოაზროვნე ცოლის დანახვისას იბნევა“
„ზურაბ მაღრაძე და ნინო გრიგორიშვილი“

ჟურნალი „სარკე“ №6
6  - 12 თებერვალი, 2008
რუბრიკა „ცოლ-ქმრის კლუბი“


ინტელექტ–კლუბის „რა? სად? როდის?“ ყველაზე ტიტულოვანი მონაწილე, ზურაბ მაღრაძე 40 წლის შესრულდა. ის პროფესიით ექიმია, მაგრამ ახლა კერძო ბიზნესშია ჩართული – მაღაზიები აქვს. ექიმობა ჩემი საქმე არ იყო და ალბათ შევცდიო, აღიარებს.
ცოლი საკმაოდ გვიან, 37 წლის ასაკში მოიყვანა და ახლა 1 წლის შვილი ჰყავს – მია, ზურას მეუღლე ნინო გრიგორიშვილი, ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაში მუშაობს.
ზურაბ მაღრაძე მოაზროვნეთა კლუბში დასაბამიდან, 1991 წლიდან თამაშობს. მსოფლიო ჩემპიონატის 3–გზის მონაწილე, სამხრეთ კავკასიის 2–გზის ჩემპიონი, საქართველოს 5–გზის ჩემპიონი, თბილისის 13–გზის ჩემპიონი და 1996 წლის „ბრინჯაოს მოაზროვნის“ მფლობელი გახლავთ. ახლაც, 2008 წლის ზამთრის სეზონის თამაშებში მისი გუნდი ფინალში გავიდა.

ზურაბ მაღრაძე:
- ინტელექტუალური მოძრაობა სამედიცინო ინსტიტუტიდან წამოვიდა და ამ ყველაფრის მოთავე გიორგი მოსიძე იყო. ჩვენი კურსელები არიან აგრეთვე სხვა მოაზროვნეები - ლაშა კილაძე, ლადო ნაცვლიშვილი, გოგი კახიძე... ამ კლუბში როგორც კი მოვხვდი, თავი ვეღარ დავაღწიე. რუსეთზე გადიოდა ასეთი გადაცემები, ვუყურებდი და ზოგ კითხვას ვპასუხობდი კიდეც, როცა ქართული თამაში დავიწყეთ, უფრო დავინტერესდი და დავიწყე სისტემატური კითხვა. ზოგი კითხვა ცოდნას ეფუძნება, ზოგი – მიხვედრას, ლოგიკას, ამას ვერ ისწავლი.
- როგორი ხასიათის შეკითხვა უფრო საინტერესოა?
- რა, თქმა უნდა, ის კითხვა უფრო საინტერესოა, რომელიც ლოგიკას ეფუძნება.
- განსაკუთრებით რომელი გახსოვთ?
- საქართველოს „პირველ არხზე“ გადიოდა ჩვენი გადაცემა 1996–2000 წწ, მე გავხდი პირველი საუკეთესო მოთამაშე და ბრინჯაოს მოაზროვნის მფლობელი. საუკეთესო მოთამაშეს ფერადი ტელევიზორი უნდა გადასცემოდა. ბრინჯაოს ქანდაკება ვის ახსოვდა, მოთამაშეები იმისათვის ვიბრძოდით, რომ ფერადი ტელევიზორი მოგვეპოვებინა, იმ დროს ეს ფუფუნება იყო. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა,რომ ჩემსა და ლაშა კილაძეს შორის უნდა გაკეთებულიყო არჩევანი. რომ დამასახელეს საუკეთესო მოთამაშედ და მითხრეს, შეგიძლიათ აიღოთ თქვენი პრიზიო, ტელევიზორისკენ წავედი და კინაღამ ხელში ავიტაცე. გიორგი მოსიძემ დამიყვირა, რას შვრები, ბრინჯაოს ქანდაკებას მოკიდე ხელიო.
- ის ტელევიზორი ისევ არსებობს?
- კი, ახლა ჩემ ძმასთან არის.
- ყველა ელოდებოდა, რომ სრულიად ახალ სახეებს იხილავდა განახლებულ „რა? სად? როდის?“ თამაშზე, თქვენ კი კვლავ გამოჩნდით.
- ყოველ შაბათ-კვირას ვიკრიბებით და ვთამაშობთ თსუ–ში, არსად წავსულვართ, ჩემპიონატებზეც დავდივართ სხვა ქვეყვებში, ტელეეკრანზე სხვანაირი თამაშია, კლუბში კი სპონტანურ თამაშს ვთამაშობთ. იქ 48 კითხვას 15-20 გუნდი პასუხობს. ვინც ან 48-დან უფრო მეტს უპასუხებს, ის იმარჯვებს. ტელეთამაშში კი მხოლოდ 11 კითვაა, რაც უფრო მეტი კითხვაა, უკეთესად შეიძლება თავის გამოვლენა.

- ნინო, თქვენ მოგწონთ ინტელექტუალური თამაშები?

ნინო გრიგორიშვილი:
- ძალიან გამიხარდა, ეს სატელევიზიო თამაში რომ დაიწყო. კარგია, რომ უაზრო „ჯეობარის“ მაგივრად ინტელექტუალური გადაცემა გამოჩნდა.
- ზურა, რომელ სფეროში ერკვევით ყველაზე უკეთ?
- საერთო ენციკლოპედიური ცოდნა მაქვს. ცოტა-ცოტა ყველაფერი ვიცი, არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ერთ სფეროში ერკვევიან და სხვას ვერაფერს პასუხობენ. ვფიქრობ, ეს საინტერესო არ არის. შეიძლება შენ არ გამოიცნო, მაგრამ ამ ზოგადი ცოდნით გუნდს დაეხმარო.
- სამედიცინო განათლებას სახლში მაინც თუ იყენებთ?
ნინო: როცა ავად ვარ, წამლები მოაქვს, წნევას მიზომავს და სიცხეს მიკონტროლებს.
ზურა: მე რომ დამიჯეროს, იმას ურჩევნია ექიმებთან იაროს, თან ჩემი სიდედრი და მისი დაც ექიმები არიან.
- როგორ გაიცანით ერთმანეთი?
ზურა: ორივეს ერთ შენობაში გვქონდა ოფისი, იქ დავინახე და გაცნობა მომინდა – მშვენიერი ნაკვთები აქვს, სულ იღიმებოდა.
ნინო: მე კი ტელევიზორიდან ვიცოდი ვინც იყო და ძალიან მომწონდა, 14 თებერვალს, ვალენტინობაზე მოვიდა და მითხრა, გილოცავ ვალენტინობასო. ვითხარი, ამ დღეს არ ვაღიარებ-მეთქი. მაშინ 8 მარტს დაველოდებიო, მიპასუხა და 8 მარტს დიდი თაიგული მომართვა. ამ დღიდან დაიწყო ჩვენი შეხვედრები და იმავე წლის 11 აგვისტოს ჯვარი დავიწერეთ.
ზურა: რადგან ტელევიზორიდან მიცნობდნენ, დედამისმა და დეიდამისმა წინააღმდეგობა არ გაუწიეს და ადვილად გამომყვა. ნინო კეთილია, კარგი იუმორის გრძნობა აქვს, არც მეგონა, ვაკელი ქალი ასეთი თუ იქნებოდა. მე მაშინ ვარკეთილში ვცხოვრობდი. ნონომ მითხრა, ჩემ გვერდით ბინა იყიდებაო და ვიყიდე.
- სახლში თუ ამჟღავნებთ თქვენს ინტელექტს?
ნინო: კროსვორდების შევსებით ამჟღავნებს.
ზურა: მე ვავსებ და რაც დარჩება, ნინო ამთავრებს. მართლა ასეა, რადგან რუსული განათლება მაქვს, ქართული ბევრი რაღაც არ ვიცი, დედა უკრაინელი მყავს, ჭიათურაში ვარ გაზრდილი, იქ დავამთავრე რუსული სკოლა.
ნინო: კომპიუტერს თუ მიუჯდება, ცოლ-შვილი აღარ ახსოვს და მხოლოდ დიდი ხვეწნა-მუდარის მერე ანებებს თავს.
ზურა: ნინო მეძახის ხოლმე, გამოდი, ბავშვი დავბანოთ, მომეხმარეო.
ნინო (იცინის ☺): ბავშვი უნდა უკვე სკოლაში წაიყვანოს, დაუჯდება და რაღაცეებს უკითხავს, უხსნის.
- მოაზროვნის ოჯახში რა შეიძლება გახდეს ჩხუბის საგანი?
ზურა: ჩაცმა. ერთი ყვითელი პერანგი მაქვს და ნინო იმას ვერ იტანს.
ნინო: ივ სენ ლორანის პერანგია, მაგრამ დენიკინის დროინდელი, როცა იყიდა, ალბათ კარგი იყო, ახლა კი აღარ ვარგა, ჩემდა საუბედუროდ, ყვითელი ვირთხის წელი დადგა და ახალ წელს ეგ პერანგი ჩაიცვა.
ზურა: როცა სადმე მივდივართ მეუბნება, რაც გინდა, ის ჩაიცვი, ოღონდ ყვითელი პერანგი არაო.
ნინო: ყოველდღე მემუქრება ჩავიცვამო.
ზურა: ახლა გადაცემის ფორმატი მხოლოდ და მხოლოდ შავის ჩაცმას ითვალისწინებს, ადრე კი პირიქით, გვეუბნებოდნენ, რამე ფერადი ჩაიცვითო, მდოგვის ფერი პიჯაკი, ფერადი ჟილეტი მქონდა, ერთელ გიორგი მოსძემ ითხოვა ჩემგან ფინალისათვის.
- იმას თუ აკონტროლებთ ცოლი როგორ იცვამს?
ზურა: მონაწილეობას ვიღებ იმ სამოსის არჩევაში, რასაც ყიდულობს.
ნინო: მშვენიერ რჩევებს მაძლევს.
- ნინო, გადაცემის ჩაწერებს ესწრებით?
- კი, რა თქმა უნდა, ვესწრები, პირველი გადაცემის ჩაწერაზე სიცხიანი იყო ზურა, ბევრი წამალი დავლიეთ ორივემ და ისე წავედით.
- ზურა: საყვარელი ქალის დანახვა თამაშის ხარისხზე არ მოქმედებს?
ზურა: ძალიან მოქმედებს და ამიტომ ვცდილობ საერთოდ არ გავიხედო ნინოსკენ.
ნინო: ყოველ შაბათ-კვირას თამაშობენ და ეს მიშლის ნერვებს, შაბათ და კვირას ქვეყანა რომ იქცეოდეს, მაინც იქ მიდის.
ზურა: სხვა მოთამაშეების ცოლებსაც არ მოსწონთ, ეს ჩვენი ყოველკვირეული შეხვედრები და მე შევთავაზე რომ თვითონაც შეიკრიბონ და რაც უნდათ ის აკეთონ იმ დღეებში.
- საქორწინო მოგზაურობა გქონდათ?
ნინო: ქორწილის სუფრიდან პირდაპირ საქორწინო მოგზაურობაში წავედით
ზურა: ჩვენი ქორწილი პირველ საათზე დაიწყო და 4 საათზე დამთავრდა.
ნინო: თურქეთში ვიყავით და იქ, საქორწინო მოგზაურობაში დამამადლა – შენი გულისათვის სამხრეთ კავკასიის ჩემპიონატი გავაცდინეო, ახლა კი ისე დადის აქეთ-იქეთ არსად მივყავარ.
ზურა: ჩემპიონატებზე დავდივართ სხვა ქალაქებში და იქ ხომ არ ვატარებთ ცოლებს!?
ნინო: სხვების ცოლები რომ ჩამოდიან? მაგალითად, ლაშა კილაძის ცოლი ჩავიდა ბაქოში. ზურამ კი მითხრა, იქ არ დაგინახოო.
– ნინო, ხომ არ ეჭვიანობთ?
ნინო: კი, ვეჭვიანობ და ვტირი ხოლმე.
ზურა: როცა სადმე ვარ წასული, წამდაუწუმ მირეკავს სად ხარო, არა და არ არის მიზანშეწონილი ასეთ დროს ცოლი წაიყვანო, ეს თამაშს უშლის ხელს, თორემ საეჭვიანო ნამდვილად არ აქვს.



ავტორი: რუსუდან ადვაძე





შექმნილია ომედიაში