„როგორ შექმნა გიორგი მოსიძემ ქართულ-აზერბაიჯანული ოჯახი“
„გიორგი მოსიძე და ემილია ხალილოვა“

ჟურნალი „სარკე“ №5
30 იანვარი - 6 თებერვალი, 2008
რუბრიკა „ცოლ-ქმრის კლუბი“


ტელეგადაცემა „რა? სად? როდის?“, რომელიც საბჭოთა ტელევიზიის ერთ-ერთი უძველესი პროექტია, წლების წინ ქართულ ტელეარხებზეც გადიოდა და მისი უცვლელი წამყვანი ამჟამად პოლიტიკოსი გიორგი მოსიძე იყო. მერე პროექტი შეწყდა, თუმცა მოაზროვნეებს საკლუბო შეხვედრები არ შეუწყვეტიათ, იკრიბებოდნენ და თამაშობდნენ ხოლმე. ახლახან გიორგი მოსიძემ და ლაშა კილაძემ (გადაცემის მთავარი რედაქტორი) საპროდიუსერო კომპანია დააარსეს და „რუსთავი 2“-თან გააფორმეს ხელშეკრულება პროექტის ერთობლივი წარმოების შესახებ. „რა? სად? როდის?“ აღდგა და რამდენჯერმე უკვე გავიდა ეთერში, კადრსმიღმა კი ისევ გიორგი მოსიძის ხმა ისმის.

გიორგი მოსიძე 35 წლისაა. იგი პროფესიით ექიმია. ამბობს, რომ მისი მედმუშაკობა 1996 წლის შემოდგომაზე დასრულდა ანუ მაშინ, როცა ქართული „რა? სად? როდის?“ პირველად გავიდა ტელეეთერში. გიორგი 9 წელია დაქორწინებულია და ქართულ-აზერბაიჯანული ოჯახი აქვს შექმნილი. მისი ცოლი თბილისში გაზრდილი ემილია ხალილოვა გახლავთ. წყვილს 4 წლის გიორგი და 3 წლის ელენე ყავს.

გიორგი მოსიძე:
– 5 წელია ეს გადაცემა ეთერში არ გასულა და მე და ლაშას მოგვივიდა იდეა აღგვედგინა პროექტი, აქ უკვე 1 და 2 კაცი ვერაფერს გახდებოდა, ბევრი ხალხის ჩართვა იყო საჭირო. ძალზე ძვირი პროექტია, მაგრამ თანხას ვერ დავასახელებ.
- სიმართლე გითხრათ, როცა გავიგე „რა? სად? როდის?“ ეთერში გავიდოდა, აღარ მეგონა, რომ მისი წამყვანი ისევ თქვენ იქნებოდით.
- აბა, ვინ უნდა ყოფილიყო?! სხვა ვინ გააკეთებდა ამხელა სამუშაოს?
- გინდათ თქვათ, რომ შეუცვლელი ხართ?
- გარკვეული თვალსაზრისით, კი. ამ პროგრამის წაყვანას მრავალწლიანი გამოცდილება სჭირდება. წამყვანი მხოლოდ კითხვების დამსმელი არ უნდა იყო, მოთამაშემ ვერ უნდა გაშიფროს წამყვანი. შენც უნდა იცოდე რაღაც, თორემ თუ წამყვანი თავად მოაზროვნე არ არის, მოთამაშეები მას არ მიიღებენ და გააბაიბურებენ.
- საკლუბო დონეზე ისევ თამაშობთ?
- ტელევიზიით არ მითამაშია, თორემ მუდმივად ვთამაშობ სპორტულ კლუბში, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ყოველ კვირას ტარდება ეს თამაში, სპორტის ერთ-ერთ სახეობაა.
- როგორც ვიცი, ნიკა გვარამია ისევ დადის თქვენს კლუბში. შეიძლება ის ეკრანზე ისევ ვიხილოთ, როგორც მოთამაშე?
- თუ შესაბამის ფორმას ანუ სმოკინგს შეიძენს, აუცილებლად მოვიწვევთ ტელეგადაცემაში. ნიკა გვარამია საქართველოს საქართველოს მოაზროვნის ტიტულის ორგზის მფლობელია და მისთვის ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა, თუმცა მან უნდა დააკმაყოფილოს გარკვეული მოთხოვნები, მათ შორის - ჩაცმულობაშიც. თუმცაღა, რაც შემოდგომაზე პოლიტიკური სიტუაცია დაიძაბა, ნიკა აღარ მოსულა კლუბში.
- კახა კუკავა? ისიც ხომ მოაზროვნეთა კლუბის წევრი იყო.
- კუკავა ალბათ 10 წელი მაინც იქნება ჩვენს კლუბში არ გამოჩენილა. ეტყობა მისთვის უფრო საინტერესო საქმით არის დაკავებული.
- პოლიტიკაში თქვენც ხართ ჩაბმული. „ახალი მემარჯვენეების“ წევრი ხართ, ესე იგი ეს საქმე თქვენთვისაც საინტერესოა.
- კი, პოლიტიკა საინტერესოა და ამ გაზაფხულზე ვიქნები მემარჯვენეების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შიდა ქართლში.
- მერე დეპუტატობას და გადაცემის წაყვანას ერთმანეთს შეუთავსებთ?
- ჯერ–ჯერობით მხოლოდ კანდიდატი ვარ და მერე ვნახოთ! ისე უკვე სამჯერ ვიყარე კენჭი 2003, 2004 და 2005 წწ, მაგრამ დეპუტატი ვერ გავხვდი. თუ გავხვდები, უფლება მექნება, ეს გადაცემა წავიყვანო, მაგრამ ხელფასი არ უნდა ავიღო.
- ცოლს რომელი საქმიანობა უფრო მოსწონს - პოლიტიკოსობა თუ ტელეწამყვანობა?

ემილია ხალილოვა: მთავარია, გიორგიმ ის აკეთოს, რაც მოსწონს.
- სად და როგორ გაიცანით ერთმანეთი, როგორ შეიქმნა ქართულ-აზერბაიჯანული ოჯახი?
გიორგი: ეს იყო სტრასბურგში 1996 წელს, ჩვენი ნავი მიაპობდა მდინარე ლუნას ტალღებს იქ ვაჩუქეთ ერთმანეთ პირველი კოცნა... (იცინის ☺) სტრასბურგში, ევროპის ახალგაზრდულ ცენტრში ღონისძიება გაიმართა, სადაც მე წარმოვადგენდი საქართველოს დელეგაციას და ემილია - ეთნიკურ უმცირესობას საქართველოდან. იქ გავიცანით ერთმანეთი და ჩვენს შორის დაიწყო რომანი, რომელსაც 1999 წელს ქორწინება მოჰყვა.
- როგორც ვიცი, წინააღმდეგობაც ბევრი შეგხვდათ, სანამ იქორწინებდით.
ემილია: სამი წელი გრძელდებოდა ჩვენი რომანი და საკმაო წინააღმდეგობის გადალახვა მოგვიხდა
.
გიორგი: ოჯახები არ იყვნენ აღფრთოვანებული ჩვენი ქორწინებით, მაგრამ ეხლა ყველაფერი კარგად არის.
- როგორ დაითანხმეთ, სიდედრ-სიმამრი რომ თქვენთვის ქალიშვილი გამოეყოლებინათ?
გიორგი: ერთ კვირა საღამოს მივედი მათთან სახლში, ვუთხარი, ჩართეთ ტელევიზორი მეთქი, დაიწყო ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“, რომლის წამყვანიც მე გახლდით. ვუთხარი, აი ვინ ვარ მეთქი. მიპასუხეს, თუ ასეა საქმე, მაშინ გაგაყოლებთ ჩვენს ქალიშვილსო (იცინის ☺).
ემილია: იტყუება (იცინის ☺).
გიორგი (ხუმრობით): შედგა შეთანხმება ემილიას ოჯახთან და გადავლახეთ შვიდ პროცენტიანი ბარიერი, ჩემს ოჯახთანაც ჩატარდა ხანგრძლივი ახსნა-განმარტებითი მუშაობა, გაიმართა კონსულტაციები უმაღლეს დონეზე და შესაძლებელი გახდა შეთანხმების მიღწევა საერთაშორისო დამკვირვებლის მეშვეობით. მაშინ ემილია მუშაობდა მირზა ფათალი ახუნდოვის სახლ-მუზეუმში, ეს არის გამოჩენილი აზერბაიჯანელი მწერალი. ჰოდა იქ ვაკითხავდი ხოლმე საღამოობით და ვეცნობოდი ახუნდოვის შემოქმედებას.
- ძალიან გაინტერესებდათ მისი შემოქმედება?
გიორგი: რას არ გააკეთებ საყვარელი გოგოს გულის მოსაგებად! ისე, ეს ცოდნა ძალიან დამეხმარა ინტელექტ–კლუბში.
ემილია: მუდამ ყვავილებით ხელში მოდიოდა.
- ახლაც ასეთი რომანტიკულია?
ემილია: ძალიან კარგი ქმარია, უპრეტენზიო და ყურადღებიანი, არასოდეს მიქმნის პრობლემებს.
გიორგი: (იცინის ☺) დილით მივდივარ, ღამე მოვდივარ და რა დროს უნდა შეუქმნა პრობლემები?! სახლში არ ვჭამ.
ემილია: როგორ არ ჭამ?! ხომ საუზმობ, ხომ ვახშმობ?
გიორგი: დილით მე თვითონ ვიწვავ ხოლმე კვერცხს.
- რატომ, ცოლი არ გიმზადებთ?
გიორგი: მიმზადებს, აბა რას შვრება! მე არ შემიძლია კვერცხის შეწვა.
ემილია: მართლა ვერ იწვავს, ერთხელ ტელეფონით ვკარნახობდი, როგორ მოეხარშა კარტოფილი და ვერ მოახერხა.
გიორგი: არ თქვა ასეთი რაღაცეები, თორემ ამომრჩევლებს დამაკარგვინებ (იცინის ☺).
- აზერბაიჯანული სამზარეულოთი თუ გიმასპინძლდებათ მეუღლე?
გიორგი: არაფერს მიმზადებს, აზერბაიჯანული კერძების საჭმელად სიდედრთან დავდივარ ხოლმე, როცა მპატიჟებს, ფლავს აკეთებს გემრიელს, საერთოდ უფრო „მაკდონალდსის“ მენიუს მოყვარული გახლავართ...
- როგორც ექიმმა არ იცით, რომ სწრაფი კვება ჯანმრთელობისათვის საზიანოა?
- თქვენი აზრით, წიწაკიანი ხინკალი უფრო სასარგებლოა? ისე ხანდახან შიმშილობაც მიწევს რადგან ოჯახში არ გვყავს სპეციალური პიროვნება, რომელიც კერძებს გააკეთებდა.
- რაღაც არ ეტყობა თქვენს წონას შიმშილობა.
- იცით, ეს რისი ბრალია? საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში შიდა ქართლში ხშირად მიწევდა ამომრჩეველთან შეხვედრა, ჭიქის აწევა (იცინის ☺).
- ემილია, ქმრის რომელი თვისება არ მოგწონთ?
ემილია: არ მაბრაზებს, არ აქვს უარყოფითი თვისება და არც არასდროს ვჩხუბობთ.
- ეჭვიანი რომელი უფრო ხართ?
გიორგი: ერთხელ (1999 წელში) ინტერნეტით გავიცანი მოსკოველი გოგონა ოქსანა და 1 წელი ვეჩატავებოდი. 1 წლის მერე მოსკოვში აღმოვჩნდი და ვიფიქრე ვნახავ-მეთქი, მაგრამ დამემალა, ჩამოვედი თბილისში და ემილია მეკითხება, რა ქენი, ოქსანა თუ ნახეო, გამიკვირდა, საიდან იცის-მეთქი. თურმე 1 წელი ჩემს ცოლს ვეჩატავებოდი (იცინის ☺) და ვერ ვხვდებოდი. მას მერე ასე აღარავინ გამიცვნია.
- ემილია რას საქმიანობს?
ემილია: ორი საბავშვო მაღაზია მაქვს.
- ქმარი გეხმარებათ თქვენს საქმეში?
ემილია: ამისათვის სად სცალია! პირველი შვილი რომ გავაჩინე, აღმოჩნდა რომ ძალიან ბევრი რამეა საჭირო ბავშვისათვის. გიორგი 2 თვის მყავდა, პირველი მაღაზია რომ გავხსენი. მომწონს ეს საქმე. ბავშვების ბედნიერ თვალებს რომ შეხედავ, შენც გიხარია.
გიორგი (იცინის): მე ბიზნესი არასოდეს მაინტერესებდა და ემილიას იმით ვეხმარები, რომ ხანდახან, როცა მას არ სცალია, ბავშვებს ვაძინებ.
ემილია: ზღაპრებსაც უკითხავს შვილებს, „მაკდონალდსშიც“ დაჰყავს.
- რა ტრადიციებს იცავთ ოჯახში?
გიორგი: არანაირი პატრიარქალური ტრადიციები არ გვაქვს, სრული დემოკრატია სუფევს ჩვენს ოჯახში. მთავარია, მეუღლეები იყვნენ მოსიყვარულეები, ურთიერთპატივსცემა, მეგობრობა და საერთო ინტერესები ჰქონდეთ.
- შვილებს რომელი რელიგიის მიმდევრებად ზრდით?
გიორგი: ჩემი შვილები ქართველები და, რა თქმა უნდა, მართმადიდებელი ქრისტიანები არიან.



ავტორი: რუსუდან ადვაძე



შექმნილია ომედიაში