ვარდისფერი აბსურდი
1
მუშტების მაგივრად, ბუშტები ვურტყათ ერთმანეთს და ვიცინოთ
ბევრი. ეს არის ცხოვრების ერთადერთი აზრი. ალბათ.
ცხოვრება ხომ ვარდისფერი ბუშტია ცაში.
ცხოვრება ხომ შენ ხარ და მე ვარ.
ცხოვრება ხომ კოსმიური ვეილს კონცენტრაციაა.
ცხოვრება ხომ ბავშვია, ნაყინს რომ ლოკავს.
ცხოვრება ხომ ვარდისფერი აბსურდია.
ცხოვრება ხომ კატაა, წინ რომ გადაგირბენს.
ყველაფერი მარტივია, როგორც ჰაიკუ. ეს წუთიც ჰაიკუა წვი-
მის წვეთებზე, ჩემს პოზაზე, გალუმპულ ბეღურაზე, ნაცნობი
ადამიანის სიარულის მანერაზე, გაკრულ ნაწერზე. დრო თითქ-
მის არასდოს არ ჩერდება. კოსმოსში მილიონობით ბოთლი
დაცურავს, რომელშიც წერილებია: “მიშველეთ, მარტო ვარ
დედამიწაზე . . .” ჩემი ყოფნის ჩემეული კონცეფცია კი იმდენად
ალოგიკურია, რომ მეც მეშინია მარტოობის. ეგოისტი ვარ? ალ-
ბათ ყველაზე ნაკლებად. იდიოტი, გიჟი? ეგ კიდევ შეიძლება
ფანჯრის ქვეშ ვზივარ და ძალიან მიყვარს ამ სიმღერის და-
საწყისი, “სარკალური ნირვანა” რომ ჰქვია. ნოსტალგია მაქვს.
ვფიქრობ რომ ყველაფერ მაღალფარდოვანს აზრი ეკარგება,
როცა შენზე ვფიქრობ და მინდა დავწერო ეს: “მე გავურითმავ
ტუჩებს, შენს ნაკვთებს. . . ” რაში გვარგია სრულყოფილება?
როცა აღარაფერი მაინტერესებს და მხოლოდ ფურცლეზე ვხ-
ატავ კეთილი სახის, პატარა კაცუნებს. დეპრესიაში ვარ.
უცნობმა გოგომ მითხრა, თუ დეპრესია გაქვს, საკუთარ თავს
ჩაუღრმავდიო. ვერ მივხვდი როგორ. ალბათ გავმარტივდი
ძალიან
უბრალოდ მეოცნებე ვარ. გავნსხვავდები სხვებისგან. დიდი
ხანია თავში ამივარდა და აცილდა კიდეც ჩემს სხეულს. ავა-
რდა სადღაც ვარდისფერი პლანეტისკენ, რომელიც გულზე
მკიდია და ხელში მიჭირავს. არაფერი არ ვიცი. გაფრენა მინდა!
არ მინდა ვიყო ამ სამხედრო მანქანის ნაწილი. არ მინდა ვიყო
მზრუნველი მამა, მოსიყვარულე ქმარი და სიყვარული მხოლოდ
ხანმოკლე სიზმარი იყოს ჩემთვის. სიყვარული ჩემი ცხოვრების
წესია და მე ვიცი რასაც ვამბობ. მე მეოცნებე ვარ. ადამიანების
უმრავლესობა კი გავს დამსკდარ ასფალტზე, კატაფალკიდან
გადმოვარდნილ ყვავილს, ისევ კატაფალკას რომ მისდევს.
მომბეზრდა ამდენი უაზრო პასუხისმგებლობა. გამოზომილი,
გათვლილი, დაგეგმილი კვირეები უნდა გავცვალო ერთ ლამაზ
დღეზე, როცა გაიქცევი იქ, სადაც ცხოვრობენ შენი ოცნებები . . .
2.
მზე გავიდა და ღამე ისე მოიჯახუნა, რომ ძაღლები აყეფდნენ.
წვიმაც წავიდა და დატოვა მხოლოდ მოწყენილება, გუბეები
და ელექტროსადენებზე, სკამებზე, ფოთლებზე მოსრიალე
წვეთები, რომელთაც სიბნელეში ვეღარ ხედავ. ლუდი მომინდა
ან რამე უფრო მაგარი
სიკვდილი?
3.
მე მისანი ვარ, საიდუმლოს გაგანდობთ:
არსებობს წიგნი და ეს წიგნი კოსმიური სივრცეა.
ჩვენი გალაქტიკა იმ დამწერლობის ერთი ასოა,
რომლითაც ეს წიგნი იწერება.
თითოეული ადამიანი ერთი წინადადებაა ამ წიგნიდან.
წინადადების ყოველი სიტყვა მტრედის სიზმარია.
მტრედი – ვარდისფერი ნათებაა.
მტრედის სიზმარი – სიტუაციებია,
რომელთაც ადამიანი ან ქმნის ან ვერ ქმნის.
მტრედი წიგნია დიდი, ვარდისფერი აბსურდის არსი.
ყოველი მომენტი ცხოვრების, წიგნის ერთი თავია.
დაბადება და სიკვდილი, მხოლოდ გზაა – არარსებული.
ყოველი დღე ჩვენთვის ტალღაა სიცარიელიდან.
ბუნების კანონები – სისულელეა.
სიცარიელე – ვარდისფერი აბსურდია.
ვარდისფერი აბსურდი – “ოქროს უსასრულობა”
4.
გავაღე კარი. ორპირმა ქარმა ფარდა ააფრიალა. მომინდა ორივე
ხელის გაშლა და გაფრენა. თვალები დავხუჭე. კარი ქარმა მია-
ჯახუნა. ხმაური აღვიქვი, როგორც სამუდამოდ მიტოვებულის ფიქრები ამოხვნეშა.
ფიქრები გაფრინდნენ სადღაც შორს, თუმცა ჩემგან
არც წასულან, სიკვდილთან ერთად დაიწყეს სეირნობა და აუტა-
ნელი ხმით ძახილი ამიტეხეს. ფანჯარაში დავდექი, ქარიშხალი
ვაჩუქე სხეულს. მთვარე დავინახე უზარმაზარი და კიდევ ერთი
შორეული ვარსკვლავი მომეჩვენა, რომ შენ მომეჩვენე, როგორც
კადრი დაუვიწყარი: ხიდი ზღვისკენ მიმავალი და კიბეები. შენი
ფეხები, თმები, ზურგი. შენი ხმა და სირბილი ზღვისკენ. შენ
ერთადერთი გესმის ჩემი და ზღვის. ველოდებით ჩასვლას მზის.
გვეჩქარება ღამეში. გვეჩქარება ჩვენს ვარდისფერ ოთახში, საიდა-
ნაც არასოდეს გამოვდივართ. ჩვენი ოთახი – ზღვის სანაპიროა,
ჩვენი ოთახი – სკამია, მიტოვებულ ბაღში. ჩვენი ოთახი – კიბეებია,
ძველი ბიბლიოთეკის. ჩვენი ოთახი – ერთმანეთის ტუჩებია . . .
გახსოვს? გითხარი: ეს ბავშვი, ჩვენი შვილი რომ იყოს. შენ
შემომხედე და გვირილებს მოკიდე ხელი. გახსოვს? გაიღვიძე
და გამიღიმე. დალიე ჩაი, ჩამეხუტე. მე გაკოცე. გახსოვს?
წყალი მთხოვე და დამემალე. სულელო, მე მოვალ შენთან მალე
გახსოვს? ერთად ვიჯექით და ვფიქრობდით სახლზე, ტბის
პირას ტყეში.
ნაწვიმარ ტყეში შეპარული მზის სხივები. ტოტიდან ტოტზე სხ-
ლტებიან წვეთები. ჩიტები. ტბა ლივლივებს, ირეკლავს ხეებს და
სახლს. ნავი ტბაში, ჰგავს მოწყენილ სახლს, რომელიც გველო-
დება. სახლი ჰგავს შენს სევდიან თვალებს . . .
შენი თვალები არ მინახავს, უკვე მეორე კვირაა. უფრო ხშირად
ვფიქრობ შენზე.
5.
“ რას შვები ვარდისფერო ბაბუაწვერავ? მე ვარდისფერმა
ციცინათელებმა მთვარეზე ამიყვანეს და გამჭირვალე პეპლებს
ვეთამაშები. მოციმციმე ვარსკვლავებს კი შენზე ვეჭორავები.
მაგრამ რომ მცივა, რა ვქნაა?”
6.
არაფერი არ არის მნიშვნელოვანი და ყველაფერს თავისი
მნიშვნელობა აქვს. ყოველი დღე გვაახლოებს დასასრულს,
დასასრულს, რომელიც არ არსებობს. მატარებელი სადგურისკენ
მიდის, ავარია გარდაუვალია
როცა დაინახავ როგორ ხტება შავი მინებით შემინული ბიზ-
ნესცენტრის სახურავიდან შენი ოცნების ქალი, შიშველი და
აპათიური. როცა მიახლოვდები მის გვამს და სისხლის გუბეში
დაინახავ შენს ანარეკლს, მიხვდები რომ ერთადერთი რაც შე-
გიძლია სიყვარულია . . .
და რომ სიყვარული უკვდავება არ არის, მას შეუძლია მხოლოდ
განაპირობოს დანაპირების უნაპირობა. დანაპირების რომელსაც
ყოველწამს ვაძლევთ თავს, მაგრამ არ ვიცით ამის შესახებ.
როცა მთელი ღამე წვიმა არ წყდება, დილას აღებ ფანჯარას
და ხედავ ხეზე დაკიდებულ სველ, დაწყვეტლ გულებს . . . ხედავ
მიწას მიმოფანტულს დაჭმუჭნული ქაღალდებით, ორქიდეებით
და დახოცილი მტრედებით, მუზების მუზეუმის ექსპონანტებს
რომ ჰგვანან. ხვდები, რომ ცხოვრება წყვეტილია.
როცა დაინახავ შაქრის გზას, რომლითაც მიყვები გოგონას
რომელიც ბრუნდება მაღაზიიდან სახლში გახვეული ცელოფ-
ნით იგრძნობ რომ საოცრად კეთილი, ჭკვიანი და ზარმაცი
ჭიანჭველა ხარ.
წადი ვარდებით უფსკრულისკენ!
საკრალურია, ნაკვალევი რომ მიდის ცისკენ,
რომელიც წითელი ფრინველებით არის დაფარული.
გაჩერდი უფსკრულთან !
გაჩერდი მზის სხივებით ფარდამსხვრეული ფარაონივით,
გაჩერდი ბრმა ბალერინასავით,
გაჩერდი უსახლკარო ლოკოკინასავით
და თქვი: მე მინდა გაფრენა !
მე ვიფარფატებ, პეპელად რომ გადავიქცევი. გვირილებით მორ-
თული ციდან კი დაეშვება ვარდისფერი ანგელოზი და შეეცდება
ჩემს დაჭერას . . .
7.
ვუყურებ ზღვას და ზღვაში მზეს,
მზეში ვარდს და ვარდში შენ.
ვუყურებ ცას და ცაში მტრედს,
მტრედში ბავშვს და ბავშვში შენ.
გიყურებ შენ და შენში . . .
8.
მინდორი. გვირილები.
ვარდისფერი ბაბუაწვერა.
მოწყენილი ვარდისფერი ბეკეკა.
9.
საიდუმლო მეორე: მე ვბაძავ ჯეკ კერუაკს, იმიტომ რომ ისიც
მომბაძავდა, ჩემს შემდეგ რომ ეცხოვრა.
10.
და ბოლოს, როგორც ჩემი მეგობარი ქრისტე იტყოდა: გიყვარდეთ
ერთმანეთი . . .
ვგიჟდები ამ ლექსზე..

:*