ავტორი ნაწარმოები ჟანრი ჟანრი
ხვიარა
ცათამბჯენებივით
პოეზია
2009.05.03
------------------------------------------------
“ლიმონები და ფორთოხალები – წმინდა კლემენტის რეკენ ზარები”
ჯორჯ ორუელი
http://www.link.ge/file/244008/Anjelika-Ak...--Hope.mp3.htmlჩვენ დავემსგავსეთ შიშველ ცათამბჯენებს,
ინდუსტრიული კარმის ენერგიით გამოკვებილ
ტალახისფერ ფაბრიკა-ქარხნებს,
ჩვენ დავემსგავსეთ ეკლებდამტვრეულ
გამხმარ კაქტუსებს – წითელ პრერიებში.
ყოველი ჩვენი ამოსუნთქვა გავს ძველისძველი
ავტომობილების ნაცრისფერ გამონაბოლქვს
და ყოველ დილით, გაღვიძებისას,
ვრახრახებთ და ვწრიპინებთ,
როგორც გაზონსაკრეჭი მანქანები.
ჩვენ დავემსგავსეთ საკუთარ ფრჩხილებს,
უპეგადიდებულ თვალების მიღმა დარჩენილ სივრცეს
და ქაოსს, რომელიც ვიწრო ქუჩებში
დასრიალებს ჩხრიალა გველივით.
სანაგვე ურნებში აღმოჩენილ საჭმლის ნარჩენებივით
გვტკივა და გვიხარია, რომ ვიღაცისთვის
ჯერ კიდევ წარმოვადგენთ სასიცოცხლო მნიშვნელობის,
თუმცაღა ჯანმრთელობისთვის საშიშ წარმონაქმნებს.
ჩვენ დავემსგავსეთ ცათამბჯენების ფანჯრებიდან
უდროო დროს გადმოყრილ გაფუჭებულ საათებს,
გვიჭირს დავინახოთ სამყარო საკუთარ ქუთუთოებს მიღმა.
როგორ შეიცვალნენ ბავშვობისას,
ღრუბლების ფორმებში დანახული არსებები,
როგორ გაეზარდათ დინგები, რქები, ჩლიქები..
სადღაც არსებობს პლასტმასის ზარების სამრეკლო,
პოლიეთილენის გუმბათებით
და მათი ხმები ლეიტმოტივად ედებიან ჩვენს გაღვიძებას,
ჩვენს ღიმილებს, იავნანებს და შემდეგ სიზმრებს.
ჩვენ დავემსგავსეთ კლავიშაცვენილ როიალებს,
რომლებიც უკაცრიელ გზებზე
მარტოდ დარჩენილი ჰიჩჰაიკერებივით
დაგორავენ ქვაფენილიან დაღმართებზე,
ხანდახან გვესმის საიდანღაც ძაღლების ქშენა,
ხანდახან გვესმის.
და უფრო ხშირად სიჩუმეა, სრული სიჩუმე,
რომლის გარეშეც ჩვენ ვერ ვხვდებით ვსუნთქავთ თუ არა,
რომლის გარეშეც ვეღარ ვხედავთ
ერთმანეთის ტუჩებს შორის დარჩენილ ნაპრალს
და უსასრულოდ გაკივიან ჯართის ქარხნების საკვამურები,
როგორც დედები, ომში დახოცილი შვილების სასაფლაოზე.
ჩვენ დავემსგავსეთ ერთმანეთის უნაკლო კლონებს
და შენ კი მაღლა, ალბათ ახლა
ვეღარც კი არჩევ მომაკვდავებს ჩვილებისაგან,
რომ საგვამე ორმოები გაუნაწილო ადამიანებს.
როგორ ცივა ყოველთვის, როცა თიბავენ ქუჩებს..
როგორ ცივა ყოველთვის, როცა მოთიბული ქუჩების მიღმა
ჩანან ქაღალდის ეკლესიები
და ღმერთი, რომელიც უკვე რა ხანია ჩვენ დაგვემსგავსა.
შემთხვევა
------------------------------------------------
როცა ნაცრისფერ ტროტუარზე
მე ვიჯექი ზურგით გზისკენ
და სამართებლით იეროგლიფებს ვიხაზავდი
ყვითელ მაჯებზე,
შენ იდექი და მიყურებდი
ქარით აფრენილ გაზეთებსა და
ცელოფნის პარკებს მიღმა.
თმა დროგამოშვებით გიფარავდა სახეს
და თითქმის ისე, როგორც ზამთრისპირს,
ფოთლებდაცვენილ ალვის ხეების ტოტებს შორის
შემოპარული მზის სხივები,
შენ მიყურებდი საკუთარ თმას მოფარებული,
თითქოს ღმერთს სისხლი მოპარე დაბადებისას.
მე კანიდან ვთხრიდი სისხლძარღვებს,
რომ შემდეგ შიგნით ჩამემარხა მთელი ის დრო,
რაც იქ, გარშემო, ქარით აფრენილ ნაგავს მიღმა ჩამოვიტოვე.
როცა შენ მიხვდი, რომ ქალაქში
არ დარჩა სიტყვა, ასე დიდხანს რომ ვძებნეთ ორივემ ერთად,
არ დარჩა სუნი და ხმაური, რომელიც გზისკენ მოაბრუნებდა
ჩვენს შორის მყოფი ქარის ქროლვის ტრაექტორიას,
როცა შენ მიხვდი, რომ იდექი, როგორც მარტოხე
და შენი სუნთქვა ძლიერ გავდა
ქარიშხალში, შებინდებისას, მარტოდ დარჩენილ ლერწმის რხევას,
მე კი ქარისგან ჩამოტეხილ, წაქცეულ ჭიგოს,
ჩუმად გაბრუნდი და გაუყევი გზას მტვრიანი ჰორიზონტისკენ.
როცა ნაცრისფერ ტროტუარზე
მე ვიჯექი ზურგით გზისკენ
და გაყვითლებულ მაჯებიდან ვირეცხავდი წითელ საღებავს,
შენ თითქმის გაქრი, მიეფარე მტვრის ნაწილაკებს
და ალბათ დღემდე გგონია, რომ
შენი ბრალია.