ძალიან საინტერესო სტატიაა, თუ მოგეწონებათ , შემიძლია უფრო საინტერესო მასალები დავდო ვეფხისტყოსნის თარგმანებისა და მისი გაცნობის შესახებ ევროპაში

1611 წელს ინგლისში სამეფო დასისთვის ლიცენზირებული იქნა ფრენსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის პიესა "მეფე და არა მეფე", რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად და ასი წლის მანძილზე იდგმებოდა. თანამედროვენი ბომონტისა და ფლეტჩერის დრამატურგიას, და მათ შორის "მეფე და არა მეფეს", შექსპირის შემოქმედების დონეზე აყენებდნენ.
თხზულების თანახმად მოქმედება მიმდინარეობს იბერიაში. ბომონტისა და ფლეტჩერის პიესის იბერია რომ საქართველოს გულისხმობს, ისევე როგორც მათი წინამორბედის ფილიპ სიდნეის "არკადიის" იბერია, ამაში ეჭვი არავის ეპარება. ამის უეჭველ საბუთად ისიც კმარა, რომ "მეფე და არა მეფის" მთავარი პერსონაჟი იბერიის ახალგაზრდა მეფე ამარცხებს მეზობელი ქვეყნის არმენიის მეფეს, ტყვედ მოჰყავს იგი იბერიის სამეფო კარზე, სადაც გაიშლება პიესის შემდგომი მოქმედება. ამგვარად, იბერიასა და არმენიაში საქართველო და სომხეთი მოიაზრება.
რატომ გაითამაშეს ბომონტმა და ფლეტჩერმა თავიანთი თხზულების ამბავი იბერიაში. რა კავშირი აქვს ამ პიესაში მოთხრობილ სიყვარულის არაორდინარულ ამბავს საქართველოსთან.
ფაქტია, რომ ოთხასი წლის მანძილზე ამ საკითხთან მიმართებაში კვლევა არავის უწარმოებია, თუმც მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში "ქართული შექსპირიანა" უკვე მოიცავს ნ. ორლოვსკაიას სტატიას, სადაც აღნიშნულია, რომ ამ პიესის მოქმედება იბერიაში ხდება.
ინგლისურ ტრაგიკომედიაში ქართული რეალიების არსებობით დაინტერესდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი რუსთველოლოგი ელგუჯა ხინთიბიძე. თანამიმდევრულმა და გულმოდგინე კვლევამ ქართველი მეცნიერი მნიშვნელოვან აღმოჩენამდე მიიყვანა: ბომონტისა და ფლეტჩერის პიესებში "მეფე და არა მეფე" და "ფილასტერი" ყველაზე დიდი ქართული ლიტერატურული ძეგლის ვეფხისტყაოსნის მძლავრი გავლენა ამოიკითხება.
ქართველმა მეცნიერმა კვლევის შედეგები ქართულ და ინგლისურ ენებზე ერთ წიგნში მოაქცია. ეს გახლავთ "ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში" (მივიწყებული წარსულის საიდუმლო), რომელიც ახლახან დაისტამბა თბილისში (რეცენზენტი არიანე ჭანტურია).
მონოგრაფიაში გამოთქმული სრულიად ახალი აზრი შემდეგ არგუმენტებს ეყრდნობა:
"მეფე და არა მეფის" სიუჟეტის ძირითადი ხაზი - პრინცისა (მეფისა) და პრინცესას სასიყვარულო ინტრიგა საწყის იმპულსს იღებს ტარიელისა და ნესტანის სიყვარულის ისტორიიდან. თითქოს ავტორებმა გადაამუშავეს და საკუთარი შემოქმედებითი პრინციპებით გარდაქმნეს "ვეფხისტყაოსნის" ინდოეთის სიუჟეტური ხაზიდან მომდინარე ძირითადი ქარგა.
ბომონტისა და ფლეტჩერის თხზულების რომანტიკული ინტრიგის სიუჟეტური ფაქტები, დროული და სივრცული კოორდინატები, ანუ კარკასი "ვეფხისტყაოსნისეული" ინდოეთის ამბავს ემთხვევა: პიესისეული იბერიის პრინცი (ახალგაზრდა მეფე), სახელად არბასესი, სინამდვილეში არაა მეფისა და დედოფლის შვილი, იგი შვილადაა აყვანილი იმ მიზნით, რომ სამეფოს მემკვიდრე ჰყოლოდა. მეფეს და დედოფალს ნამდვილი შვილი, ქალიშვილი, სახელად პანთეა, მოგვიანებით შეეძინათ. იბერიის სამეფოს მემკვიდრედ აყვანილ ვაჟიშვილს, პრინცს, და ჭეშმარიტ პრინცესას ერთმანეთი თავდავიწყებით შეუყვარდათ. ეს სამივე წამყვანი სიუჟეტური ფაქტი, დროული და სივრცული კოორდინატი ზუსტად ემთხვევა "ვეფხისტყაოსნისეული- ინდოეთის სამეფოს კარის დრამატული ისტორიის სამ საყრდენ სიუჟეტურ ფაქტს.
როგორც პროფესორ ელგუჯა ხინთიბიძის კვლევა ადასტურებს, ინგლისური პიესის იბერიის სამეფო კარზე უფლისწულ არბასესის შვილად აყვანიდან პრინცესას დაბადებამდე იმდენივე დრო გადის, რამდენიც ინდოეთის სამეფო კარზე უფლისწულ ტარიელის შვილად აყვანიდან ნესტანის დაბადებამდე. და რაც უფრო არსებითია, ორივე თხზულებაში ამ დროის ხანგრძლივობაზე მითითებულია, და თანაც ორივეში ერთნაირად.
იბერიის პრინცი და პრინცესა ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში განაცალკევეს და, ისევე, როგორც "ვეფხისტყაოსნის" ინდოეთში ტარიელმა და ნესტანმა მხოლოდ დიდი ხნის დაშორების შემდეგ ნახეს ერთმანეთი. როგორც "ვეფხისტყაოსნის", ასევე ინგლისური პიესის დრამატული კვანძი აქ გაინასკვა: ტარიელს უზომოდ შეუყვარდა ნესტანი. ასევე ხდება ბომონტისა და ფლეტჩერის პიესაში. იბერიის მომავალი მეფე უნუგეშოდ მოიხიბლა პრინცესას ხილვით - ტრაგიკული კვანძი შეიკრა.
მსგავსება უფრო ღრმად მიდის. უეცარი სიყვარულის სწრაფ და უზომო ემოციას იბერიის პრინცის ფიზიკური დაძაბუნება და გონების არევა მოჰყვა, რასაც დეტალურად აღწერენ ბომონტი და ფლეტჩერი: მას თითქოს მეტყველების ძალაც წაერთვაო.
ასევე ხდება "ვეფხისტყაოსანში". სიყვარულის სწრაფმა ემოციამ ტარიელი ფიზიკურად დააძაბუნა და გონება დაუკარგა.
ქართველი მკვლევარი საკითხს ასე აყენებს: თუ ბომონტი და ფლეტჩერი რუსთველის "ვეფხისტყაოსანს" მართლაც ასე ღრმად იცნობენ და იყენებენ, თანაც მათი შემოქმედების სწორედ პირველი მომწიფების ეტაპზე, სავარაუდოა, რომ ამ ნაწარმოების კვალი გამოჩენილიყო არა მხოლოდ ერთ პიესაში, არამედ სხვა შემთხვევაშიც. შედეგი დადებითია და კვლავ სრულიად ახალი ინგლისური ლიტერატურული კრიტიკისათვის. ვეფხისტყაოსანი არის ერთ-ერთი არსებითი სიუჟეტური წყარო ბომონტისა და ფლეტჩერის კიდევ ერთი პიესისა. ესაა ფილასტერი.
"ფილასტერი," მკვლევართა ვარაუდით, 1608-1610 წლებშია დაწერილი.
"ფილასტერისა" და "მეფე და არა მეფის" ძირითადი სიუჟეტური ქარგის საერთო მახასიათებელი ინგლისურმა ლიტერატურულმა კრიტიკამ იმთავითვე შენიშნა, კერძოდ, ამბავი ხდება უცხო ქვეყნებში და იგი მელოდრამული ხასიათისაა. ჰეროიკული სულისკვეთების მთავარი გმირები რომანტიკული თავგადასავლების არეალში მოქმედებენ.
ყველა ეს საერთო მახასიათებელი "ფილასტერსა" და "მეფე და არა მეფეს" აკავშირებს მათ საერთო სიუჟეტურ წყაროსთან. ესაა "ვეფხისტყაოსნის" ინდოეთის სამეფო კარზე გათამაშებული ფსევდოისტორიული ამბავი ნესტანისა და ტარიელის სიყვარულისა.
მკვლევარის წინაშე ისმის კითხვა: რა გზით მოექცა რუსთველის "ვეფხისტყაოსანი" ინგლისელი დრამატურგების ინტერესთა წრეში. აი რას წერს ამის თაობაზე ბატონი ელგუჯა ხინთიბიძე:
"როცა რუსთველის პოემის X||| საუკუნის დასაწყისის ინგლისში შეღწევაზე ვფიქრობდი, მე შევეცადე მიმეთითებინა იმ გზაზე, რომლითაც შეიძლებოდა იმ პერიოდში ქართული მწერლობა ევროპაში გასულიყო და მივუთითე ქართული სამეფო კარის კონტაქტებზე ესპანეთის სამეფო კართან X| და X|| საუკუნეებში. ამჯერად მე ვფიქრობ, რომ ამ შესაძლებლობას შეიძლება დაემატოს უფრო შემთხვევითი გზები. კერძოდ, ქართველი კონსულტანტი, რომელიც (ან რომლის ნაამბობიც) რაღაც მისიით (თუ შემთხვევით) შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ინგლისში."
მკვლევარი იმასაც დასძენს, რომ "X|| და X||| საუკუნეების ევროპელ დიპლომატებს, მოგზაურებს, ვაჭრებს და აღმოსავლეთით დაინტერესებულ ინტელექტუალურ წრეებს ხშირი და მჭიდრო კონტაქტი აქვთ სპარსეთისა და ოსმალეთის სამეფო კარებთან, სადაც შაჰებისა და სულთნების გარემოცვაში არსებული ქართველი ქალების სიმრავლე ევროპელთა ყურადღებას იქცევს თავისი არა მხოლოდ სილამაზით და ნიჭიერებით, არამედ მათი განუწყვეტელი ფიქრითა და წუხილით სამშობლოზე."
ჩემი ღრმა რწმენით, რუსთაველის უკვდავი პოემის შესახებ ცოდნის არსებობა დიდ ბრიტანეთში კიდევ უფრო კანონზომიერი გზით განხორციელდებოდა. ეს გახლავთ თავად ბრიტანული სამეფო კარის დამოკიდებულება კონტინენტზე არსებული ინტელექტუალური მიღწევებისადმი. ჰენრი |||| ქალიშვილმა, ტიუდორების დინასტიის თვალსაჩინო მმართველმა, ინგლისის დედოფალმა ელისაბედ |, სამშობლოს აღორძინება ხომ მართლაც ინტელექტით შეძლო, მით უმეტეს რომ მან გვერდში ამოიყენა ისეთი დიდი მოაზროვნე, როგორიც ფრენსის ბეკონი გახლდათ. დედოფლის დიდი თანადგომით ბეკონმა შექმნა კლუბი, რომლის მიზანი იყო უმეცრების დამარცხება შუბის მოქნევით. თრუფკუ თრფლუკთ - შუბის მოქნევები - ასეთი იყო ამ კლუბის სახელწოდება და, როგორც დღეს ვარაუდობენ, შექსპირის გვარიც, რაც ნიშნავს მოიქნიე შუბი (თრფლუ თზუფკუ) აქედან უნდა მომდინარეობდეს და პრაქტიკულად ის ფსევდონიმია. "ცოდნა ძალაა" - ბეკონის ეს სხარტი გამონათქვამი მოაზროვნე ინგლისელთა ცხოვრების დევიზად იქცა. სამეფო კარის დავალებით ინტელექტუალურ ჯაშუშებს ცოდნის მოსაპოვებლად კონტინენტზე აგზავნიდნენ. ამ მისიით ეწვია საფრანგეთსა და იტალიას ცნობილი დრამატურგი კრისტოფერ მარლო, რომელიც იმ ხანად კემბრიჯის უნივერსიტეტსაც კი მოწყვიტეს. ამ მისიით იმოგზაურეს კონტინენტზე ფრენსის ბეკონმა და მისმა ძმამ, ენტონი ბეკონმა. როგორც ჩანს, ცნობილი ინგლისური ტრადიცია, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, დიდებული ინგლისელი სამოგზაუროდ მიდის, აქედან უნდა მომდინარეობდეს. დღეს ბევრს წერენ შექსპირის ვინაობაზე, მისი ეპოქის თავისებურებაზე. შექსპირის კოდის ამოცნობაც აუცილებლად ელისაბედ |-ის დიდ ჩანაფიქრსა და ბეკონის მოღვაწეობას უკავშირდება. ამ ვითარებაში ძნელი არაა ვივარაუდოთ, რომ ცოდნის წყაროთა ძიებაში ინგლისელები კონტინენტზე "ვეფხისტყაოსანს" გასცნობოდნენ. საქართველოდან კი ევროპაში ასეთი ცოდნის გავრცელებას, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ათონის მთაც დიდად შეუწყობდა ხელს.
როგორც ვხედავთ, გზა ბევრი გამოჩნდა, შედეგი კი ერთი და უტყუარია: შექსპირის დროინდელი ეპოქის ორი ტრაგიკომედია რუსთველის გავლენითაა შექმნილი.
ბრიტანელმა და ამერიკელმა სამეცნიერო წრეებმა ქართველი მეცნიერის მიგნებას უკვე დიდი ყურადღება მიაქციეს. მისი კვლევა არაერთგზის აღინიშნა სათანადო დაფინანსებითა და საერთაშორისო სიმპოზიუმებზე მიწვევით.